პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლები მათივე სახლის პირველ სართულზე ქიმწმენდის ობიექტის გაუქმებას მოითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გამონაბოლქვი 9-სართულიან კორპუსს საფრთხეს უქმნის.
როგორც "კურიერის" რესპონდენტები ყვებიან, ტოქსიკური ნივთიერებების გამო ხშირია ალერგიისა და ინტოქსიკაციის შემთხვევები. მოქალაქეებმა ობიექტის დახურვის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართეს.
თავის მხრივ, ობიექტის ხელმძღვანელმა იცის, რომ რეგულაციას ვერ აკმაყოფილებს, საწარმოში არც სპეცტანსაცმლის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს იყენებენ, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმასაც ამტკიცებს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ექმნება.
საბურთალოს რაიონში აღნიშნული ქიმწმენდის ობიექტი მრავალი წელია ფუნქციონირებს. მოშლილი ინფრასტრუქტურის გარდა, არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
ჯანდაცვის სამინისტრომ ქიმწმენდის ობიექტებისთვის ახალი რეგულაციები შეიმუშავა. ცვლილების მიხედვით, აკრძალულია საწარმოს საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება. ქიმწმენდის დიდი ობიექტი მინიმუმ 100, პატარა კი 50 მეტრით უნდა იყოს დაშორებული.
ქიმწმენდის ობიექტების მიმართ ზედამხედველობის მანდატი ორ უწყებაზეა გადანაწილებული. დასაქმებულთა შრომის პირობებისა და მათი უფლებების დაცვას შრომის ინსპექცია დაარეგულირებს. საწარმოოს სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის პერიოდულ მონიტორინგს გარემოს ზედამხედველობის სამსახური გაუწევს.