25 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
1,300-ზე მეტი კომპანია მსოფლიოს 132 ქვეყნიდან - ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე, საქართველო ყურადღების ცენტრშია

1300-ზე მეტი კომპანია მსოფლიოს 132 ქვეყნიდან - ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე, საქართველო უკვე მესამე დღეა ყურადღების ცენტრშია.

"ITB ბერლინზე" საქართველოს თავის სტენდი აქვს, სადაც გამოფენის სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. საქართველოს რომ უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, ამის შესახებ ინფორმაციას უცხოელი დამთვალიერებელი სპეციალური ვიდეორგოლით იღებს.

ახალი ბიზნესპარტნიორების აღმოსაჩენად და საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად, "ITB ბერლინზე" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, 39 კერძო კომპანიასთან ერთად მონაწილეობს.

საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა, ეს მთავარი მიზანია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის. სწორედ ამიტომ, მოლაპარაკებები და შეხვედრები ყოველდღიურად იმართება ისეთი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან, როგორიცაა National Geographic, Bloomberg, Wanderlust, Nat Geo Food Fest.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა China Ready-ის წარმომადგენლებთან გაიმართა. ჩინეთის უმსხვილეს მარკეტინგულ კომპანიას, საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ტურიზმის ადმინისტრაცია ესაუბრა.

ბერლინში სამდღიანი ტურისტული გამოფენა დღეს დასრულდება. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე მონაწილეობა, კერძო კომპანიებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო ორგანიზაციებისთვისაც.

"ITB ბერლინზე" ეს საქართველოს პირველი სტუმრობა არ არის. წინა წელს, ჩვენი ქვეყანა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით და სლოგანით - "უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა" წარსდგა. საქართველოს სტენდი გამოფენის მთავარი ადგილი იყო, სადაც ათასობით სტუმარი საქართველოს ტურისტულ მიმართულებასა და კულტურას გაეცნო.

დღის ამბები