25 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ომის 743-ე დღე უკრაინაში - ხარკოვის ოლქში საოკუპაციო ძალის იერიშს 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 7

ხარკოვის ოლქში საოკუპაციო ძალის იერიშს 1 ადამიანი ემსხვერპლა, მძიმედ დაიჭრა 7 სამოქალაქო პირი, მათ შორის 3 მცირეწლოვანია. ნანგრევებში მაშველები და სამხედროები გადარჩენილებს ეძებენ. ხარკოვის ოლქზე სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა დილის საათებში მიიტანეს. აგრესორმა დასახლებულ პუნქტს შეუტია. განადგურებულია 4 კერძო სახლი.

არ წყდება რუსული არმიის იერიში სუმის საზღვრისპირა დასახლებებზე. რუსეთის სიახლოვეს მდებარე სოფლები ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში მძიმე შეიარაღებიდან ცეცხლი კიდევ 13 სოფლის მისამართით გახსნეს.

საჰაერო შეტევა არ შეწყდა არც ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ აფეთქება ვოლოდიმირ ზელენსკის და კირიაკოს მიცოტაკისის კორტეჟის სიახლოვეს 500 მეტრში მოხდა.

რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანი - ასე მოიხსენია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საოკუპაციო ძალის თავდასხმა ოდესაზე, ქალაქში უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს. შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ "ეს კრემლის სტანდარტებითაც მდაბიო საქციელია".

აგრესორის შეტევა უკრაინელ ჯარისკაცებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში განგაში იყო გამოცხადებული რუსეთის კურსკის, ბელგოროდის და ვორონეჟის ოლქებში. აფეთქების ხმა ისმოდა ჩერეპოვეცში. წინასწარი ინფორმაციით, დრონით შეტევა მეტალურგიულ ქარხანაზე მიიტანეს. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია. მათ აფეთქებას კი მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

მძიმეა სიტუაციაა ფრონტის ხაზზე, სადაც უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ღამის განმავლობაში 70-მდე საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა.

ომის მსვლელობასთან და დანაკარგებთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებულ ცნობებს ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, ძირითადი სამიზნე ახლა კუპიანსკი და დონეცკის ოლქია. საოკუპაციო ძალის მტკიცებით, ლიკვიდირებულია 500-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, განადგურებულია 5 ერთეული ტანკი და 6 საარტილერიო სისტემა.

 

დღის ამბები