25 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
პოლონელი ფერმერების ამბოხება სპეცრაზმთან დაპირისპირებაში გადაიზარდა - ისინი თვეებია უკრაინიდან იაფად შესულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აპროტესტებენ

პოლონეთში ფერმერების აქციამ სერიოზული სახე მიიღო. ვარშავაში, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილი პოლიციას დაუპირისპირდა. მათ ქვები და ცეცხლმოკიდებული ნივთები ესროლეს. ამის გამო, სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის გამოყენების აუცილებლობაც დაუდგათ. ამ ძალადობრივი ეპიზოდების გამო დაკავებულია ათობით დემონსტრანტი. დაშავდნენ სამართალდამცველები.

უკვე დღევანდელი აქცია შედარებით მშვიდი იყო, თუმცა მოთხოვნები არ შეცვლილა - პოლონელი ფერმერები თვეებია აპროტესტებენ უკრაინიდან იაფად შემოსულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, რომელთან არათანაბარი კონკურენციაც პოლონელ მეწარმეებს საქმეს უფუჭებს. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის "მწვანე შეთანხმება" პოლონელებს დამატებით აკრძალვებს უწესებს პროდუქციის ბაზარზე გასატანად. ამგვარი არასამართლიანი მიდგომები საბოლოოდ მასშტაბური პროტესტის მიზეზი გახდა, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.

აგრესიული მეთოდები გააკრიტიკა ქვეყნის ხელისუფლებამ. სხვადასხვა შტოს არც რუსეთის ჩარევა გამოურიცხავს ცეცხლზე ნავთის დასხმაში, რათა მოსახლეობა უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ განეწყოს. დღეს დონალდ ტუსკი ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც საკითხზე ევროპელ ლიდერებს დაელაპარაკება. მანამდე კი მედიასთან თქვა, რომ კვირის ბოლოს ფერმერებთან შეხვედრისთვის წესით სასიკეთო გადაწყვეტილებები უნდა ჰქონდეს. თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისრის, იანუშ ვოჯეჰოვსკის განცხადებას, რომელმაც პოლონეთისთვის "მწვანე შეთანხმებაში" ცვლილებები დააანონსა, თუმცა ევროკომისია მისი ამ განცხადებისგან მალევე დისტანცირდა.

პროტესტის ერთ-ერთ ფორმად, პოლონელმა ფერმერებმა გზების გადაკეტვას მიმართეს. იმ გზების, რომლითაც უკრაინიდან პოლონეთში სხვადასხვა სახის პროდუქცია შემოდის. ამ დროისთვის უკრაინულ პროდუქციაზე პოლონეთს ნაწილობრივი აკრძალვა უკვე დაკისრებული აქვს, ის მხოლოდ მარცვლეულზე ვრცელდება, ამიტომ, არ გამოირიცხება რომ სხვა პროდუქტებზეც გავრცელდეს. თუმცა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არც კიევი დაზარალდეს და არც პოლონელი ამომრჩეველი. ამ დელიკატური ვითარების განმუხტვას შაბათს დონალდ ტუსკი შეეცდება.

დღის ამბები