25 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
მძიმე ნარკოტიკის გასაყიდად რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ხადიროვის სასამართლო - მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის საქმეზე 

მძიმე ნარკოტიკის გასაყიდად რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ელდარ ხიდიროვი, სპეცრაზმმა ფონიჭალაში დააკავა.

რუს ნარკორეალიზატორს, სასამართლოზე ტელეკამერების წინ სახის ჩვენება არ სურდა, დარბაზიდან მედიის გასვლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. ბრალდების მხარე პატიმრობას, ხიდიროვის ადვოკატი კი ბრალდებულის 10,000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლე დავით კურტანიძემ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის მუხლით დაკავებული მამაკაცი პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილებას დარბაზში ხადიროვის ოჯახის წევრები უსმენდნენ. საქალაქო სასამართლო მათ კომენტარის გარეშე დატოვეს.

"კურიერის" ინფორმაციით, ელდარ ხიდიროვის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო.

პროკურატურის ინფორმაციით, ელდარ ხიდიროვი ნარკოტიკულ საშუალებებს ხელიდან ხელში ყიდდა. ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება იმის დასადგენად თუ როგორ და რა გზით შეიძინა ბრალდებულმა ნარკოტიკი.

ნარკოდანაშაულის საქმეზე, ბოლო დღეებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია 6 პირი. ჰეროინი, კოკაინი, მეტადონი, ალფა პვპ, სუბოტექსი და მარიხუანა - ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა ბრალდებულების სახლებიდან ამოიღეს. ნივთმტკიცებებს შორის არის, სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაც.

დაკავების ღონისძიებამდე პოლიცია ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. მოსამართლის განჩინებით, გადაღებულია ფარული ვიდეო კადრებიც, მასალაში ჩანს საკონტროლო შესყიდვები.

ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეები.

დღის ამბები