25 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება - ორბელიანის სასახლეში დაწერილი არგუმენტები მმართველი პარტიისთვის მისაღები არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ოპოზიციის მთავარი მიზანია, ამ მიზნის შესრულებაში კი, მამუკა მდინარაძის თქმით, მთავარ როლს სალომე ზურაბიშვილი ასრულებს. სახელისუფლებო გუნდისთვის ამის დასტური პრეზიდენტის ბოლო ვეტოა, რომელიც მან საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს დაადო.

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას უარყოფს - პოზიციების თანხვედრას კი მხოლოდ სახელმწიფოებრივ სწორ შეხედულებებს უკავშირებს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, ევროპულ სტანდარტს ეწინააღმდეგება და მათი მხარდაჭერა საარჩევნო კოდექსმა სწორედ ამიტომ ვერ დაიმსახურა.

სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, ოპოზიციის მეორე ნაწილიც იზიარებს, სადაც ამბობენ, რომ განხორციელებული ცვლილებები რეკომენდაციების შესაბამისი არ არის. ისინი აქცენტს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის კვოტის გაუქმებაზე აკეთებენ. ამ ნაწილში განსხვავებული შეხედულება აქვს ალეკო ელისაშვილს, რომელიც პრობლემის სათავეს თავად ოპოზიციაში ხედავს.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივია სახელისუფლებო გუნდისთვის. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციასთან ერთად ახლა ცესკოს დისკრედიტაციას ცდილობს.

სალომე ზურაბიშვილმა მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს სამი დღის წინ გაუგზავნა. გუშინ, მედიასთან შეხვედრისას განმარტა, რომ ვეტოს მიზეზი არჩევნების მიმართ საზოგადოებაში მეტი ნდობის გაჩენაა.

სალომე ზურაბიშვილს, "ღამის კურიერის" ეთერში გუშინვე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსზე დადებული ვეტოს დასაძლევად უკვე ემზადება. საკითხი კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირას დადგება.

 

დღის ამბები