25 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
ბათუმის ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ახორციელებს.

პროექტის სამშენებლო სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ირაკლი ქარსელაძესთან და ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონისათვის ქალაქს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება.

"პატივი მივაგეთ საქართველოს გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს. ასეთი სახელოვანი გმირი ადამიანების დამსახურებით ჩვენი ქვეყანა აგრძელებს თავისუფლად, დამოუკიდებლად მოძრაობას. სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყნის როგორც აწმყო, ასევე მომავალი.

სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ახალი ბულვარის პრაქტიკულად მწვანე კორიდორის მშენებლობის დასკვნითი ეტაპი გმირთა ხეივანში. სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამწვანებას ამ ახალი ალეის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც აქ შეიქმნა, სრულად არის ადაპტირებული ფეხით მოსიარულეებისთვის. გაკეთდა ახალი სახიდე გადასასვლელები. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთა საჭიროებებზე. განსაკუთრებით გამოვყოფდი, რომ ამ კორიდორით, ძველი ბულვარი და ახალი ბულვარი ერთმანეთს დაუკავშირდება. ტურისტებისთვის, ჩვენი ბათუმელებისთვის კიდევ ერთი ახალი სივრცე შეიქმნა“, - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

პროექტის მიხედვით, უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათების დეკორატიული ლამპიონები, შადრევნები და ველო სადგომები. ხეივანში განთავსდა დეკორატიული საყვავილეები, ინსტალაციები, სკამები, ურნები და თანამედროვე ტიპის, ელექტრო მოწყობილობების დამტენებით აღჭურვილი, მოსასვენებელი გადახურული სივრცეები. განახლდა დენდროლოგია, რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისად შერჩეული, სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეებითა და ყვავილებით.

ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. ხიდებზე მოეწყობა პანდუსის ტიპის სავალი ნაწილები, დეკორატიული ელემენტებითა და მრავალფუნქციური განათებებით. ხიდებზე განთავსდება ლიფტები.

ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედით მოსარგებლეთათვის გათვალისწინებული სახიდე გადასასვლელი, პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს კავშირს როგორც სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის, ისე ბულვარის კავშირს სანაპიროსთან. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

დღის ამბები