25 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
კატეგორიულად, პრინციპულად ვამბობთ, ვეტინგი ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელია, რადგან უცხოელები საქართველოში, ვერცერთ შტოსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ - მამუკა მდინარაძე

კატეგორიულად პრინციპულად ვამბობთ, ვეტინგი არის ჩვენთვის მიუღებელი, დაუშვებელი, იმიტომ, რომ უცხოელები საქართველოში ვერცერთ შტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაუშვებელია, რომ ადეიშვილმა და მისი ჯგუფის წევრებმა მოახერხონ გარკვეული ბერკეტების და მექანიზმების მოპოვება საქართველოში.

„გარკვეული ბედის ირონიაც შეიძლება დავარქვათ, ვეტინგთან დაკავშირებით გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს, ევროპაში უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება ზურაბ ადეიშვილი - წამებასთან, რეკეტთან, მკვლელობასთან, გაუპატიურებასთან და ამ სისტემის ხელმძღვანელობასთან ასოცირებული პირი. და ამ ადამიანის განხორციელებული რეფორმის გადმოღებას გვთავაზობენ საქართველოში, ამით, მე მგონი, ყველაფერი უკვე ნათქვამია.

ვეტინგის განმახორციელებლები, როდესაც სხვა ქვეყნებში არიან ადეიშვილი და მისი ჯგუფის წევრები, წამებასთან ასოცირებული ადამიანები - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ადამიანებმა მოახერხონ გარკვეული ბერკეტებისა და მექანიზმების მოპოვება საქართველოში იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ და მისი ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენონ.

კატეგორიულად, პრინციპულად ვამბობთ, ვეტინგი არის ჩვენთვის მიუღებელი, დაუშვებელი, იმიტომ, რომ უცხოელები საქართველოში ვერცერთ შტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ეს არის ქართველების მკაფიო და პრინციპული პოზიცია.

რაც არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც არის თავმოყვარეობის საკითხი, პრინციპული და პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი, ამ საკითხს ჩვენ ასე არ გავატარებთ,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები