25 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ 2024 წლის არჩევნებს აღიარებენ, აქედანვე ჩანს მათი განწყობები და ამას უნდა შევხვდეთ, როგორც მოცემულობას - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, წინა წლების გამოცდილებამ გააჩინა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სპეკულაციებისთვის ყველა გზა "ჩაკეტოს" და ამის ერთ-ერთი საშუალებად, პარლამენტის თავმჯდომარემ ელექტრონული არჩევნები დაასახელა. 

"უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოცდილებაზე დაფუძნებული დასკვნა - 2012-ის, 2016-ისა და 2020 წლის არჩევნები არ აღიარეს. არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ 2024 წლის არჩევნებს აღიარებენ, მითუმეტეს, რომ აქედანვე ჩანს მათი განწყობები. ამას უნდა შევხვდეთ უკვე როგორც მოცემულობას, რომ არ აღიარებენ.

რას აკეთებს ხელისუფლება - ჩვენ უკვე დიდი ხანია, ამ საბაბებს ასე ვთქვათ, ვკეტავთ - პირველი, ეს იყო ელექტრონული ტექნოლოგიების შემოღება და თქვენ გახსოვთ, რომ 2020 წლის არჩევნებს დაარტყეს მათ ბათილი ბიულეტენების, ბალანსების და ა.შ. კუთხით, რაც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ტყუილი და ამ ფურცლების ფრიალში საზოგადოება დააბნიეს, თითქოს რამე იყო. მათ ამაში დაეხმარა "სამართლიანი არჩევნები", რომლის ხელმძღვანელობა მაშინ გადადგა, თუმცა ახლა ყველა თბილ ადგილას არის, კარგი ხელფასებით, იმავე დონორის დაფინანსებით ევროპაში ცხოვრობს და მოღვაწეობს ის ქალბატონი, ვინც იყო მაშინ მათი ხელმძღვანელი.

ვერაფერს ვეღარ ამბობენ არჩევნების დღეზე, რადგან ელექტრონული არჩევნებისას ყველაფერი არის ელექტრონულად დათვლილი. მეორეს მხრივ, დოკუმენტირებული - ყველა ბიულეტენი ისევ იქ არის და გადათვლა შეიძლება. ამერიკის ბევრ შტატში გადათვლის შესაძლებლობა არ აქვთ - ეს ხარვეზები არის ამერიკის არჩევნებში. ჩვენთან ყველანაირი ხარვეზებისგან დაცული ელექტრონული არჩევნები გვექნება. ამიტომ, ჩაიკეტა მათთვის სპეკულაციები არჩევნების დღესთან დაკავშირებით.

ახლა დაიწყეს წინასაარჩევნო გარემო როგორი იქნებაო?! ამასთან დაკავშირებითაც ხედავთ, რომ არანაირი პრობლემები არ არის და ეძებენ ამ პრობლემებს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათ უნდოდათ, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლები ყოფილიყვნენ არის ის, რომ მათ დასანახად რაღაცები მოხდეს და აისახოს გარკვეული სკანდალები და ჩანაწერები,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები