კონტრდაზვერვისა და დაზვერვის სამსახურების სპეციფიკა, კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობა, ტერორიზმის საფრთხე, კორუფციული დანაშაულის პრევენციის მეთოდები, კიბერუსაფრთხოება, ოკუპაცია და ამ გამოწვევებთან დაკავშირებით ქვეყნის პოლიტიკა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრმა სტუდენტებისთვის ეროვნული კურსი მეხუთედ ჩაატარა.
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის საშუალებას კი სტუდენტებს სწორედ "უსაფრთხოების სკოლა" აძლევს. შეისწავლე, გაანალიზე და გამოიყენე - ამ დევიზით 29 სტუდენტს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამოცდილება 2 კვირის განმავლობაში ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა გაუზიარეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული კურსის მიზანი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და უსაფრთხოების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებაა. სტუდენტებმა 2 კვირის განმავლობაში ინფორმაცია ოკუპაციის, ტერორიზმის, ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვა გამოწვევის შესახებ უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისგან მიიღეს.
სტუდენტები ინფორმაციის მიღების პარალელურად პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც აკეთებდნენ. ინტერაქციული ლექციები ჯგუფური დავალების შესრულებით სრულდებოდა. 2 კვირის განმავლობაში მონაწილეებმა საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირება და თავის დაცვაც ისწავლეს, მიიღეს პრაქტიკული ცოდნა მკაცრ გარემო პირობებთან ადაპტირების შესახებ და გაიარეს ფიზიკური მომზადების კურსი.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გადასცა
"უსაფრთხოების სკოლა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტია და ის წელიწადში ორჯერ ტარდება. წელს ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის 29 სტუდენტი შეირჩა. სხვადასხვა სეზონზე კი უსაფრთხოების სკოლაში უკვე ასზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.