25 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ - სამართალდამცველებმა მძიმე ნარკოტიკები ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ჩანაწერები გავრცელა, სადაც კარგად ჩანს ნარკოტიკების ხელიდან ხელში გადაცემა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კიდევ ერთი სპეცოპერაციის შედეგად სულ ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის საქართველოს, ბელარუსის და რუსეთის მოქალაქეები. ამოღებულია, ჰეროინი, სუბოტექსი, მეტადონი, მეფედრონი და სხვა სახის მძიმე ნარკოტიკები.

ბათუმში სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა საგანგებოდ მოწყობილ სათბურში კულტივირებულ კანაფსაც მიაგნეს. აქ 43 ძირი ნარკოტიკული საშუალება და სარეალიზაციოდ დაფასოებული შეფუთვები აღმოაჩინეს. ნარკოტიკები ბელარსუსის მოქალაქე ილია ბიალოუს ეკუთვნის. ის ამ მისამართზე ქირით რამდნეიმე თვის წინ, კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად გადმოვიდა, და ადგილობრივებთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონია.

ბათუმის გარდა რეალიზატორების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები გრძელდება თბილისშიც. გამოძიების ფარგლებში საკონტროლო შესყიდვებით დადგინა, რომ დედაქალაქში გამსაღებელთა ჯგუფი ნარკორეალიზაციის მიზნით აქტიურად იყენებს ტელეგრამის აპლიკაციას. დაკავებულთა ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს და მტკიცებულებების მიუხედავად, დანაშაულს არ აღიარებს.

დღესვე საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ერთ-ერთ მსხვილ ნარკო რეალიზატორს,რომელმაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები თბილისის ზღვის მიმდებარედ, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსა, ნაწილი კი, ასევე გასაღების მიზნით, თბილისიდან რუსთავში გადაიტანა.

საგამოძიებო ორგანოებმა ბოლო რამდენიმე დღეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 300-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის ათობით ნარკორეალიზატორი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და დანაშაულებრივი ქმედების ფარული აუდიო -ვიდეო ჩაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად როგორც სახმელეთო,ასევე საჰაერო გზებით შემოდის, ასევე საფოსტო გზავნილებითაც. ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც 24 საათიანი რეჟიმში ახორციელებს კომპლექსურ საგამოძიებო ღონისძიებებს.

დღის ამბები