25 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
გორში არსებული მეწყერ საშიში ზონიდან, 20 ოჯახის გაყვანის რეკომენდაცია გაიცა - ქირით საცხოვრებლად გასვლის პროგრამით სარგებლობას მხოლოდ 2 ოჯახი დათანხმდა

გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გორში არსებული მეწყერ საშიში ზონიდან 20 ოჯახის გაყვანის რეკომენდაცია გაიცა. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს ქუჩის რეაბილიტაციის პერიოდში ქირით გაყვანას სთავაზობს, თუმცა ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო უარზე არიან.

დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კიდევ ერთხელ შეხვდა მოსახლეობას და მათი დარწმუნება სცადა.

„გარემოს სააგენტომ მოგვცა დასკვნა, რეკომენდაცია, რომ მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით 20 ოჯახამდე, იქნას გაყვანილი ტერიტორიიდამ, რაზედაც გორის მუნიციპალიტეტი აქტიურად ეთანამშრომლება და ოფიციალურად მიმართა მოსახლეობას, რათა მომხდარიყო მათი გასვლა. ასევე, გორის მუნიციპალიტეტმა შესთავაზა ოჯახებს ქირის გადახდა გასვლის შემთხვევაში,“ - აცხადებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი.

ამ დროისთვის ქირით საცხოვრებლად გასვლის პროგრამით ორმა ოჯახმა ისარგებლა.

„დაახლოებით  1 თვის წინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადო დასკვნა, რომ ეს გახლავთ მეწყერ საშიში ზონა, აქ ცხოვრება მოსახლეობისთვის არის რისკის შემცველი. მაშინვე მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება, შევხვდით მოსახლეობას, ვესაუბრეთ, ოქმებიც შედგა ამასთან დაკავშირებით. ორი ოჯახი  უკვე გავიდა, ქირას მერია ვუხდით. ის პერიოდი, სანამ პრობლემა არ მოგვარდება, იქნებიან ქირით,“ - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი.

დღის ამბები