25 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
სად გადის ზღვარი ადამიანის უფლებების დაცვასა და ლგბტ პროპაგანდას შორის - "ოცნება" ოპოზიციის წინადადებებს ელოდება

დისკუსია, რომელში ჩართვასაც მმართველი გუნდი ოპოზიციას ერთი კვირაა სთავაზობს, ადამიანის უფლებების დაცვისგან ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გამიჯვნას ეხება. თუმცა, ამ დრომდე, სახელისუფლებო პარტიას არცერთი ოპონენტისგან წინადადება არ მიუღია. კანონის კონკრეტულ შინაარსამდე, უკვე გაცხადებულია მიზანი - საზოგადოების დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან და მისი მავნე შედეგებისგან. კანონპროექტი სახელწოდებით "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ" დეპუტატების მაგიდაზე ორ კვირაში აღმოჩნდება.

ოპოზიციის ნაწილი საინტერესოდ სხვა თემებს ასახელებს. თეონა აქუბარდია ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპაციას მიიჩნევს და სახელისუფლებო პარტიასთან დისკუსიაც ამ საკითხზე სურს. "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო" კი საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებაზე უარს ღიად ამბობენ. მათ საკუთარი როლი პროცესში ჯერ ვერ იპოვეს, თუმცა დაანონსებულ კანონპროექტს მაინც ელოდებიან.

ის, რაც ქართული ოპოზიციისთვის გამოგონილი პრობლემაა, მსოფლიოში აქტუალურია. გენდერული თეორიის საფრთხეებზე სპეციალური განცხადება 2 დღის წინ რომის პაპმაც გააკეთა და მას მახინჯი იდეოლოგია უწოდა. პაპმა ფრანცისკემ თქვა ისიც, რომ კაცობრიობას საფრთხეს უქმნის გენდერის იდეოლოგია, რადგან ის სქესთა შორის სხვაობის წაშლას ცდილობს.

სწორედ მსოფლიოს მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით გამოკვეთილი მძიმე ტენდენციების შემდეგ დაიწყო საპარლამენტო უმრავლესობამ საკითხზე საუბარი და მისი რეგლამენტირება.

შემოდგომამდე პარლამენტში საკუთარი კანონპროექტის გამარჯვება სურს პარტია "გირჩს", რომელსაც საკანონმდებლო წინადადებები, უკვე დიდი ხანია აქვს, თუმცა სხვა მიმართულებით. ისინი ახალი ინიციატივის მომზადების ნაცვლად, მოქმედი კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ.

მოქალაქეების კანონით დაცვაა სახელისუფლებო პარტიის საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი. კანონპროექტი ჯერ მომზადებული არ არის, თუმცა გადაწყვეტილია, რომ მან პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა მკაფიოდ უნდა გამიჯნოს.

ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა სხვადასხვა მეთოდით ცდილობს. პოლონეთში რამდენიმე ისეთი კანონიც არსებობს, რომელიც ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს. მაგალითად, აკრძალულია რომ ორივე მშობელი ერთი სქესის წარმომადგენელი იყოს. ასევე, ქვეყანაში დაუშვებელია ერთსქესიანთა ქორწინება, ლგბტ მარშები კი აკრძალული.

2020 წლის იანვარში პოლონეთის პარლამენტმა კანონიც დაამტკიცა, რომელიც სკოლებს საშუალებას აძლევს, აკრძალონ ლგბტ განათლება და კლასგარეშე აქტივობები. პოლონელმა დეპუტატებმა მიიღეს კანონიც სახელწოდებით "სტოპ ლგბტ", რაც სექსუალური უმცირესობებისთვის აქციების ჩატარების უფლებას ზღუდავს. ამ გადაწყვეტილებების გამო, პოლონეთის მთავრობა ევროკავშირმა ჰომოფობიის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.

კრიტიკის თავიდან აცილება მოახერხა უნგრეთის პრეზიდენტმა, რომელმაც გააუქმა მმართველი ნაციონალისტური პარტიის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი სექსუალური უმცირესობების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

მმართველი პარტია საქართველოში კანონპროექტის ისე ფორმულირებას გეგმავს, რომელიც, მათივე თქმით, არცერთი ადამიანის უფლებას არ დაარღვევს. კონსულტაციები მალე დაიწყება. წინ საკომიტეტო განხილვებია, რის შემდეგაც ჯერი კენჭისყრაზე დადგება, კანონპროექტს კი კანონად 76 მწვანე ღილაკი აქცევს.

დღის ამბები