25 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
თამბაქოს ნაწარმზე, შესაძლოა, აქციზი შემცირდეს

თამბაქოს ნაწარმზე, შესაძლოა, აქციზი შემცირდეს. შესაბამისი ცვლილებები "საგადასახდო კოდექსში" შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა.

ცვლილებების თანახმად, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირდება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, "ჰომოგენიზებული" ან "აღდგენილი" თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და "საგადასახადო კოდექსის" 2403 19 ("დანარჩენი") კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე. ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.

"საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხშია გავრცელებული. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა 314 ტონა შეადგინა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა. დარგის განვითარება ისეთი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას, როგორებიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არარსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს უტოლდება და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილების საფუძველზე უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი გათანაბრდა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დღის ამბები