25 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
დაფინანსების გარეშე დარჩენილი ტელეკომპანია, რომელიც ფულს ამერიკელ ლობისტებს უხდის - რაში დახარჯა დავით კეზერაშვილმა მილიონ ლარზე მეტი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის კრიტიკის მორიგი საფუძველი გახდა. საუბარია ლობისტურ კომპანია "ქორნერსთოუნზე", რომელიც დავით კეზერაშვილმა და ტელეკომპანია "ფორმულამ" ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრების ორგანიზების მიზნით დაიქირავეს.

მიზანი მიკერძოებული პოლიტიკური ინფორმაციის მიწოდება იყო, თუმცა, 6-თვიანი საქმიანობის შედეგი ნულის ტოლი აღმოჩნდა. ლობისტებმა ვერცერთ კონგრესმენსა და სენატორთან აუდიენცია ვერ შეძლეს, მაგრამ დამკვეთისგან 420 ათასი დოლარის ანაზღაურება მაინც მიიღეს. საპარლამენტო უმრავლესობაში ოპონენტებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ მორიგმა ანგარიშმა მათი რეპუტაციული კრახიც დაადასტურა.

სენატორი ტომ ტუბერვილი, კონგრესმენი ჯერი კონოლი, სენატორი ჯინ შაჰინი - ეს იმ მაღალჩინოსნების არასრული სიაა, ვისთან შეხვედრასაც დამკვეთი "ქორნერსთოუნისგან" ითხოვდა. რა ინფორმაციის მიწოდება იგეგმებოდა სენატორებისა და კონგრესმენებისთვის - ამ თემაზე დღეს კომენტარი ტელეკომპანიაში არ გაკეთებულა. მთავარი დამფინანსებლის ინტერესების დაცვა "ნაცმოძრაობის" საარჩევნო პარტნიორ "სტრატეგია აღმაშენებელს" მოუწია. წარუმატებელ ლობისტურ საქმიანობასთან კითხვები არც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებს აქვთ.

განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილის პოზიცია. კანონმდებლების აზრით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხრიდან სოლიდური ფინანსების დახარჯვის მიუხედავად, სენატსა და კონგრესში ჩავარდნილი კამპანია ადასტურებს, რომ პარტნიორებს "ნაციონალური მოძრაობა" აღარ აინტერესებთ.

"ფარას" ახალი ანგარიში ადასტურებს, რომ კეზერაშვილი და "ნაცმოძრაობა", ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის, კვლავ ასიათასობით დოლარს იხდის - ასეთია მმართველი გუნდის ლიდერების შეფასება. "ქართულ ოცნებაში" დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის წარსულიც გაიხსენეს და თქვეს, რომ მისი პოლიტიკური ინტერესი დესტაბილიზაცია და, ნებისმიერ ფასად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნებაა.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ლობისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ქვეყნდება. ლობისტური კომპანია "ქორნერსთოუნი" ერთადერთი არაა, რომელიც სააკაშვილის პარტიამ ბოლო წლებში აშშ-ში დაიქირავა. სულ, ლობისტურ საქმიანობაში, 2 წლის განმავლობაში, რამდენიმე მილიონი ლარია გადახდილი.

დღის ამბები