25 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ომის 740-ე დღე - ოდესაში, რუსულ აგრესიას 4 და 7 თვის ჩვილები ემსხვერპლნენ

რუსულ აგრესიას ოდესაში 4 და 7 თვის ჩვილები ემსხვერპლნენ. მათი ცხედრები მაშველებმა ნანგრევებში დილით აღმოაჩინეს. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, რიგით მოქალაქეებს დილიდან მიაქვთ სათამაშოები და ყვავილები.

საპორტო ქალაქში სამძებრო ოპერაცია უმძიმესი შედეგით დასრულდა. აგრესორის დრონის საცხოვრებელ კორპუსთან შეჯახებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 5 ბავშვია. მძიმე დაზიანება მიიღო 30-ზე მეტმა ადამიანმა. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

საოკუპაციო ძალის უპილოტო საფრენმა აპარატებმა დააზიანეს სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები მირნოჰრადშიც. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. აფეთქებულია სასკოლო ავტობუსი. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მიმდებარე ტერიტორიასაც.

საფრთხე, ამ ეტაპზე, არ ემუქრება 7 ადამიანის ჯანმრთელობას პოკროვსკში, რომელმაც, რაკეტის აფეთქების შედეგად, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ოკუპანტებმა საჰაერო იერიში, აქაც, საცხოვრებელ სახლზე მიიტანეს. 

მძიმეა ვითარება ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, 70-მდე მძიმე შეტაკება დაფიქსირდა. ბახმუტის მიმართულებით მდებარე სოფელ ივან-ივსკესთან სასტიკი ბრძოლების შესახებ იტყობინება უკრაინის აღმოსავლეთ ძალების წარმომადგენლობა. ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპანტები ჩასივ-იარის დასახლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.

დანაკარგზე, ტრადიციულად, არ საუბრობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შეტევაზე გადადიან, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით. საოკუპაციო ძალა 800-მდე მოკლული უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ ავრცელებს ცნობებს.

 

დღის ამბები