25 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
ოპოზიციის კოალიციური გეგმები - რა გათვლები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს და ვინ დაიკავებს ადგილს 5-ნომრიანი ქოლგის ქვეშ

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ვერცერთი პარტია აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს და კოალიციური თანამშრომლობა გარდაუვალი იქნება. ამ პოზიციის მიუხედავად, დავით უსუფაშვილი არ პასუხობს შეკითხვას - ვისთან ერთად აპირებს ამ ერთობის ჩამოყალიბებას, მაშინ როდესაც, ყველა კვლევით, ოპოზიციურ პარტიებს შორის, "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობას. უსუფაშვილისგან განსხვავებით, კონკრეტული პასუხი აქვთ სტრატეგია აღმაშენებელში. "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორ პარტიაში არჩევნებზე მაღალი პროცენტის მიღებაში დარწმუნებული არიან და კოალიციურ გაერთიანებაშიც თავს ლიდერის პოზიციაზე ხედავენ.

მმართველი გუნდისთვის, ოპოზიციის მხრიდან კოალიციურ ერთობაზე საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობაა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" იდეურ კავშირში მყოფი პარტიები ელექტორატის იმ 20 პროცენტის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რომლისთვისაც სააკაშვილის პარტია მიუღებელია.

ვისთან გეგმავს კოალიციას თავად "ნაციონალური მოძრაობა" - კონკრეტიკაზე საუბრისგან პარტიის თავმჯდომარემ დღეს თავი შეიკავა. ლევან ხაბეიშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ პარტია თანამშრომლობისთვის ყველა ევროპულ ძალას ეპატიჟება.

ერთადერთი პარტია ოპოზიციაში, სადაც ღიად საუბრობენ პოტენციურ პარტნიორებზე, "გირჩია". ოპოზიციურ პარტიაში, "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას, კოალიციურ ფორმატში, თანაბრად განიხილავენ.

"ნაციონალური მოძრაობისგან" ფორმალური დისტანცირების მცდელობას უწოდებს მმართველი გუნდი ოპოზიციის სტრატეგიას. უმრავლესობის აზრით, ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება, რადგან, მათი თქმით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" არათუ კოალიციის, არჩევნებზე ბარიერის გადალახვის მინიმალური შანსიც კი არ აქვს.

როგორი კონფიგურაციით მიიღებს მონაწილეობას ოპოზიცია არჩევნებზე - საკითხი ამ დრომდე ღიაა. "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანების გარდა, პოლიტიკური პარტიები ამ დრომდე დამოუკიდებლად მოქმედებენ.

დღის ამბები