დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა უნდა მიიღოს, - ინფორმაციას ამერიკული მედია უზენაესი სასამართლოს დადგენილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც The New York Times-ი წერს, მოსამართლეებმა გადაწყვეტილება სხვადასხვა მიზეზით ახსნეს, თუმცა გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო.
"დიდი გამარჯვება ამერიკისთვის!" - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.
კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა გასული წლის 19 დეკემბერს აუკრძალა. დადგენილებაში წერია, რომ გადაწყვეტილების საფუძველი საკონსტიტუციო მუხლია, რომელიც თანამდებობის პირს ამბოხებაში მონაწილეობას უკრძალავს. მოტივად, 2021 წელს, კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმია, რომლის დროსაც ტრამპის მომხრეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების გაპროტესტება სცადეს. ტრამპმა უზენაეს სასამართლოს, კოლორადოს შტატის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, 4 იანვარს მიმართა.