ბრიუგეში კონფერენციაზე, რომელშიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების კანონმდებლები მონაწილეობენ, ფედერიკა მოგერინმა განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს არ სჭირდება ევროპული პერსპექტივა, რადგან ეს ქვეყნები უკვე ევროპაა:
"არასოდეს მომწონდა სიტყვა გაფართოება, რადგან ამ გზით ითვლებოდა, რომ არსებობს ცენტრი და ეს ცენტრი ფართოვდება პერიფერიამდე. მე მჯერა, რომ დღეს საქმე ეხება ევროპული კონტინენტის იმ ევროპულ ქვეყნებთან ინტეგრაციის დასრულებას, რომლებიც უკვე ევროპელები არიან, მაგრამ არ არიან ევროკავშირის წევრები. დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს არ სჭირდება ევროპული პერსპექტივა, რადგან ისინი უკვე ევროპაა. მათ სჭირდებათ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და სანდოობა. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ვფიქრობ, ბოლო ხუთ-ათ წელიწადში საკმაოდ აშკარა გახდა, რომ ხანდახან პირობითობა იყო არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნის მიერ მოთხოვნილი, არამედ ზოგჯერ ჩვენ გვქონდა საკუთარი პირობითობა ევროკავშირის შიგნით.ზოგჯერ ჩვენ გვინახავს კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც სჭირდებოდათ, მაგრამ არა ყოველთვის ევროკავშირის სასარგებლოდ. შესაძლოა, პროვოკაციულად ჟღერდეს, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა იყოს შესაძლებელი ერთი ან ორი დამატებითი წევრი სახელმწიფოს ყოლა, თუნდაც ძალიან მოკლე დროში, როცა კანდიდატი ქვეყნის მხრიდან პირობა დაკმაყოფილდება," - აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი.
პროფესორი ევროპული პოლიტიკის საკითხებში სტევან ვან ჰეკე კი აცხადებს, რომ კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაუყონებლივ უნდა დაიწყოს:
"წარმატებისთვის, კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაუყონებლივ უნდა დაიწყოს. ჩვენ გვჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, არსებული ბარიერების მოხსნა, სადაც კი ეს შესაძლებელია, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს კანდიდატი ქვეყნების სწრაფი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. ცხადია, გაფართოების პოლიტიკის წარმატება პირდაპირ კავშირშია ევროპულ უსაფრთხოებასთან და ის არანაირი მიზეზით არ უნდა შეფერხდეს,"- აღნიშნავს პროფესორი ევროპული პოლიტიკის საკითხებში სტევან ვან ჰეკე.