25 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
გვჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, არსებული ბარიერების მოხსნა იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს კანდიდატი ქვეყნების სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში - მაკა ბოჭორიშვილი

რუსეთის აგრესია უკრაინაში და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა - სწორედ ამ თემებზე მსჯელობენ ბრიუგეში. კონფერენცია, რომელშიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების კანონმდებლები მონაწილეობენ, ამ წუთებშიც გრძელდება. კოლეგების წინაშე, ცოტა ხნის წინ, სიტყვით გამოვიდა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია, რომ ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. "გაფართოების პოლიტიკის წარმატება პირდაპირ კავშირშია ევროპულ უსაფრთხოებასთან", - განაცხადა საქართველოს წარმომადგენელმა.

საქართველო კონფერენციაში პირველად მონაწილეობს.

"მოხარული ვარ, რომ დღეს ამ კონფერენციაზე წარმოვადგენ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას. მსურს, გამოვხატო მადლიერება იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მიიღო ამ ისტორიული გადაწყვეტილების მისაღწევად, გასული წლის დეკემბერში. დღევანდელი მსჯელობა მოწმობს, რომ ევროკავშირის უსაფრთხო მომავალი სწორედ ჩვენს ერთობაშია და ამ ერთობის უზრუნველყოფას ჭირდება მშვიდობისა და კეთილდღეობის სივრცის - ევროკავშირის, გაფართოება შეფერხების გარეშე. საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისთვის 30 წელზე მეტს ითვლის. მიუხედავად რუსეთის აგრესიის და უკანონო ოკუპაციისა, ჩვენ შევძელით ქვეყნის ტრანსფორმაცია და დემოკრატიული სახელმწიფოების რიგებში დაყენება. თუმცა საბოლოო მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ რთული გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ ვართ საჭირო რეფორმების ერთგული და ამ გზაზე ძლიერი მოკავშირეები და მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გვჭირდება. გაფართოების პოლიტიკის წარმატებისთვის, კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ჩვენ გვჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, არსებული ბარიერების მოხსნა, სადაც კი ეს შესაძლებელია, იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს კანდიდატი ქვეყნების სწრაფი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. ცხადია, გაფართოების პოლიტიკის წარმატება პირდაპირ კავშირშია ევროპულ უსაფრთხოებასთან და ის არანაირი მიზეზით არ უნდა შეფერხდეს,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

დღის ამბები