ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, იტალიური მედია საქართველოს კულტურითა და ისტორიითაც დაინტერესდა. დაინტერესდა და გაცნობაც აქტიურად დაიწყო. შეგროვებული მასალით, გავლენიანი მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, მესტიაში მიმდინარე ფრირაიდის მსოფლიო ტურისა და თბილისის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს მოამზადებენ.
ჟურნალისტების მომზადებულ მასალას, რომელსაც იტალიის სამაუწყებლო ტელევიზია "რაი" გააშუქებს, 174 ქვეყანაში, 20 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. პრესტურის მიზანი იტალიასა და ევროპის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაა.
პრესტურის მონაწილეები მესტიაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს - "გიზ-გიზსაც" დაესწრნენ. ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 3 მარტის ჩათვლით გრძელდება, ტარდება კონცერტები, პერფორმანსები, თამაშები და სხვა გასართობი აქტივობები. კურორტზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი და კვების სივრცეები.
უცხოური მედიის ობიექტივში, რომელსაც მრავალმილიონიანი მაყურებელი ჰყავს, საქართველო არაერთხელ მოხვდა. იტალიიდან ჩამოსული სტუმრები ქვეყანას ახალი შთაბეჭდილებებითა და საინტერესო მასალით ხვალ დატოვებენ.