25 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
გლოვის დღე უკრაინაში - ხვალ ქვეყნის მასშტაბით დროშები კიდევ ერთხელ დაეშვება, ომში მყოფი ქვეყანა აგრესორის თავდასხმების შედეგად დაღუპულებს ემშვიდობება

ომი უკრაინაში გრძელდება. ნანგრევების გაწმენდას ოდესაში მთელი დღე დასჭირდა. მრავალსართულიან კორპუსზე რუსების თავდასხმის უკან ირანული დრონებია. ღამის დარტყმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 3 წლის ბიჭი. არიან დაჭრილებიც და დაკარგულებიც - 6 ადამიანთან კონტაქტს ამ დრომდე ვერ ამყარებენ. განადგურებულია 18 ბინა. 3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინისთვის მეტ საჰაერო თავდაცვით სისტემებს ითხოვს და არცთუ ისე უადგილოდ - ოდესის გარდა, განგაშის ხმა გუშინ უკრაინის თითქმის ყველა დიდ დასახლებაში ისმოდა. მათ შორის - სუმის ოლქში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიესა თუ ხარკოვში. აქ დრონმა 76 წლის მამაკაცი იმსხვერპლა. გენერალურ შტაბში ჰყვებიან, რომ გუშინ უკრაინელებსა და რუსებს შორის 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა. კიდევ ერთხელ ჩამოაგდეს რუსული სუ-34-ც.

რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიიდან 2 წელიწადზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში, დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა თანმიმდევრული და უცვლელია. ამის დასტურია უსაფრთხოების საკითხებზე გაფორმებული შეთანხმება უკრაინასა და ნიდერლანდებს შორის, რომელიც მომდევნო 10 წლისთვის გაიწერა და თავდაცვით, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კომპონენტებს მოიცავს. ნიდერლანდები უკვე მე-7 ქვეყანაა, რომელიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს. ამასთან ერთად, მალე F-16-ებსა და, დამატებით, 2 მილიარდ დოლარსაც მისცემს.

რუსეთისთვის "სტრატეგიული დილემის" შექმნის მიზნით, საფრანგეთში სპეცრაზმისა და სამხედრო ნაწილებისთვის უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ნების დართვასაც კი განიხილავენ - ამ თამამი ვერსიის შესახებ ფრანგული გამოცემა, "ლე მონდი" წერს. საფრანგეთის საარჩევნო კამპანიაში უკრაინის თემა აქტუალური რომ იქნება, იმითაც ჩანს, რომ პრეზიდენტ მაკრონს ამგვარ შესაძლებლობაზე მსჯელობა ქვეყნის შიგნით ყველა პოლიტიკოსთან ერთად სურს. სამხედროებს ომში ჩართვის მინიმალური პერსპექტივა კი აშინებს ბერლინს, გერმანელები სიფრთხილეს არ კარგავენ. შოლცი ბრიტანელ კრიტიკოსებს პასუხობს და ხსნის, თუ რატომ არ მიიჩნევენ ბერლინში ტაურუსის ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას კარგ იდეად.

ფინანსურ, პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებაზე უკრაინას პარტნიორებისგან აქვს გარანტიები. მთავარი ყურადღება, ამ მხრივ, კვლავ აშშ-ის კონგრესზეა, რომელსაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხზე მწვანე შუქის დროულად ანთებას პირადად აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს. ჯო ბაიდენმა ამის შესახებ, იტალიის პრემიერთან შეხვედრისას, ოვალურ ოფისში განაცხადა. უკრაინის მშვიდობისა და თავისუფლების დასაცავად, დასავლეთის დახმარების აუცილებლობაზე ჯორჯია მელონიმაც გაამახვილა ყურადღება.

დღის ამბები