25 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
როგორ უნდა გაიმიჯნოს ადამიანის უფლებები და ლგბტ პროპაგანდა - მმართველი გუნდი წინადადებებს ოპოზიციისგან ელოდება

როგორ უნდა გაიმიჯნოს ადამიანის უფლებები და ლგბტ პროპაგანდა - მმართველი გუნდი ოპოზიციისგან წინადადებებს ამ დრომდე ელოდება. კანონპროექტი ჯერ მომზადებული არ არის, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ინიციატივა, რომელმაც პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა მკაფიოდ უნდა გამიჯნოს, პარლამენტში უახლოეს ორ კვირაში დაინიცირდება. უმრავლესობის ლიდერი დღეს ამბობს, რომ მსოფლიოში ლგბტ-პროპაგანდა აქტუალური თემაა და პრობლემა - რეალური.

საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებაზე ოპოზიციის უმრავლესობა უარს ამბობს. ხელისუფლების ოპონენტები საკითხის შინაარსში წინასწარ არ შედიან. ელოდებიან, რა სახეს მიიღებს დაანონსებული კანონპროექტი, რომლის შემუშავების პროცესში საკუთარ როლს ვერ ხედავენ.

საკანონმდებლო წინადადებები, უკვე დიდი ხანია, აქვს "გირჩს", თუმცა - სხვა მიმართულებით. ისინი, ახალი ინიციატივის მომზადების ნაცვლად, მოქმედი კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ.

საკითხი მგრძნობიარეა, თუმცა ინიციატივა საზოგადოების უმრავლესობისთვის მისაღები - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წინადადებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მმართველმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში არსებული გამოწვევების გამო მიიღო.

გადაწყვეტილება, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოგვარდეს, საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. ამ დრომდე გაურკვეველია, შეუერთდება თუ არა ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი საკანონმდებლო პროცესს.

დღის ამბები