კახეთის ერთ–ერთ სოფელში პოლიციაა მობილიზებული. ათობით ეკიპაჟი სამძებრო სამუშაოებშია ჩართული. 13 წლის გოგო და 16 წლის ბიჭი 28 თებერვლის შემდეგ აღარავის უნახავს. პოლიცია მათ ამ დრომდე ეძებს. ეძებენ ყველგან, თუმცა სამართალდამცავებმა მათ კვალს ჯერ ვერსად მიაკვლიეს. გოგოს ოჯახი არ გამორიცხავს არც მოტაცების ვერსიას. მამა ჰყვება, რომ მეზობლად მცხოვრებ ბიჭს მისი შვილი უყვარდა და რამდენიმე თვის წინ მასთან ხელის სათხოვნელადაც მივიდა, თუმცა უარი მიიღო. 13 წლის გოგოს მამა ყაზახეთში იმყოფებოდა და ქვეყანაში გუშინ დაბრუნდა.
არასრულწლოვანი გოგოს მამა იმასაც ჰყვება, რომ ბიჭის ოჯახმა პოლიციაში, მტკიცებულებებად, წერილიც წარადგინა, რომ გოგო ბიჭს ნებაყოფლობით გაჰყვა.
არასრულწლოვანების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით არაფერი იციან არც 16 წლის ბიჭის ოჯახში. პოლიციამ ისინი უკვე გამოჰკითხა. სოფელში ჰყვებიან, რომ არასრულწლოვანებს ერთმანეთი უყვარდათ და გაუჩინარების მიზეზიც სწორედ ეს ამბავი გახდა.
რა მოხდა სოფელში, არ იციან არც სკოლაში, სადაც არასრულწლოვანები ბოლო წლებში აღარ დადიოდნენ.
მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.