25 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - ნიღაბი, რომელიც მას ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩამოხსნილია

"ანტიქართული მოვლენა, პირდაპირ შეტევა პატრიარქზე და ეკლესიაზე" - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ "ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე". აქვე, ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქმე გვაქვს დიდ ანტიქართულ მოვლენასთან და სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახე წარმოაჩინა.

"როგორ შეიძლება, ჩვენს ძვირფას ადამიანზე, პატრიარქზე რომ ასეთ მკრეხელურ განცხადებას გააკეთებს ადამიანი და მით უმეტეს ვინ, პრეზიდენტი. აქ საქმე გვაქვს დიდ ანტიქართულ მოვლენასთან, ეს არის დიდი ანტიქართული მოვლენა, პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე და ვფიქრობ, ეს თავად სალომე ზურაბიშვილის სახეს წარმოაჩენს ძალიან კარგად. ის ნიღაბი, რომელიც მას ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არის ჩამოხსნილი,"-განაცხადა ღარიბაშვილმა.

"როგორია საქართველოს ეკლესიის როლი მიმდინარე პროცესებში და ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ეკლესია ქვეყანაში "რუსეთის რბილ ძალას" წარმოადგენს?"- ეს კითხვა საქართველოს პრეზიდენტს დიდ ბრიტანეთში, ჩეთემ ჰაუსში გამოსვლისას დაუსვეს. პასუხის დროს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სისუსტეს ახსენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეკლესია მოახერხებს არა პრორუსის, არამედ პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას.

დღის ამბები