
ბუდაპეშტის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს უკვე ვენაში მართავს.
მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანს, ახლა კი მოლაპარაკებას ავსტრიელ კოლეგასთან მართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი. შეხვედრის მთავარი საკითხი, ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა, ქვეყნებს შორის მეგობრობა და ამ პარტნიორობის გაღრმავების გზებია.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ქვეყნის ევროინტეგრაცია და ამ გზაზე გადადგმული ნაბიჯები. ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საინტერესოა რა ხედვა აქვს ახლად დანიშნულ მინისტრს ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას ეუთოს გენერალურ მდივანთან. განიხილეს ხედვები სამომავლო ურთიერთობთან და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით.
"ეუთო მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა საქართველოსთვის, ამ ორგანიზაციის წევრები ვართ. ეს არის ის ფორმატი, სადაც ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და მნიშვნელოვან ფორმატად რჩება ასევე ეუთოს ინსტიტუტებთან ურთიერთობები. თქვენ იცით, რომ მჭიდროთ ვთანამშრომლობთ ოდირთან და სხვა ინსტიტუტებთან. მნიშვნელოვანია გქვქონდეს კომუნიკაცია, კონტაქტი ახლად არჩეულ გენერალურ მდივანთან და ინსტიტუტების ხელმძღვანელებთანაც.
საქართველოსა და ავსტრიას შორის არის ისტორიულად ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს და გაგრძელდეს ახალი ხელისუფლების პირობებშიც. ახალ მინისტრთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ჩვენ განვიხილოთ ის საკითხები, რაც არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.