19 მარტი 2025,   11:30
ვრცლად
შეკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება - სად და როგორ აიყვანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ვარკეთილში ყველამ იცის. თვითმხილველებმა სამართალდამცველების მობილიზება გუშინ, ე.წ. დამპალოს სასაფლაოებთან შენიშნეს.

"კურიერმა" სპეცოპერაციის კონკრეტული დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ გელა უძილაური ისანი-სამგორის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმალებოდა. გუშინ, დღის პირველ ნახევარში, ის ქუჩაში გავიდა. "კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ქუდით და სათვალით ისე გადაადგილდებოდა, რომ ვერავის ეცნო. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულმა პოლიციელებმა, 50 წლის მამაკაცი შეაჩერეს და გადაამოწმეს, მალევე გაირკვა, რომ საეჭვო მოქალაქე სწორედ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ძებნილი პირი იყო.

"კურიერის" ინფორმაციით, გელა უძილაურმა თავდაპირველად მიმალვა სცადა და სასაფლაოების მიმართულებით გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებმა 50 წლის მამაკაცს ხელბორკილები ადგილზევე დაადეს.

გელა უძილაური ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა - შენახვისთვის, მას ბრალი უკვე წარუდგინეს. კანონით დადგენილ ვადებში, უძილაურის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს, ცნობილია, რომ პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

ბრალდებული უძილაური ჯერ დუმილის უფლებას იყენებს, არ არის გამორიცხული სასამართლოზე მან სიტყვის უფლებით ისარგებლოს და დანაშაულის მიზეზებიც განმარტოს. მოტივთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, ერთ-ერთი ვერსით კი, სისხლიანი ანგარიშსწორება ე.წ კანონიერი ქურდების კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა. მკვლელობის დღეს ის ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მკვლელი მას სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და 10-მდე ტყვია ესროლა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, "კილერს" სილიკონის ნიღაბი ეკეთა. შემთხვევის ადგილას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა მალევე შეძლეს.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უძილაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები