19 მარტი 2025,   18:11
ვრცლად
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში არჩევნებში დამარცხდა, ოპოზიციურ პარტიებთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს განიხილავს

გაბრიელიუს ლანდსბერგისი ისევ თბილისშია, ისევ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის, თუმცა ამჯერად ოფიციალური სტატუსის გარეშე. ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა, ოპოზიციურ პარტიებთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს განიხილავს.

ყოფილ მინისტრს პირველი შეხვედრა ყოფილ პრეზიდენტთან ჰქონდა. შემდეგ კი უკვე არჩევნებში დამარცხებულ, ბარიერგადალახულ ოპოზიციასთან.

რა საკითხები განიხილეს დახურულ კარს მიღმა, რომელსაც მხოლოდ შეხვედრის ორგანიზატორებისთვის სასურველი მედია ესწრებოდა? - ხელისუფლების ოპონენტებმა ამაზე საჯაროდ, დეტალურად არ ისაუბრეს, თუმცა თქვეს, რომ "საქართველოს მეგობრის სტატუსით" ჩამოსულ ლანდსბერგისთან, ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე იმსჯელეს და მიიღეს კონკრეტული რჩევებიც.

პოლიტიკის მრჩეველი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან არ გამოსულა. თუმცა ახალი ფუნქცია რომ აქვს, ეს მან თავადვე დაადასტურა, კონკრეტული მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში. ყოფილმა დიპლომატმა თქვა ისიც, რომ საქართველოში ოპოზიციასთან ინფორმაციის გაცვლისთვის ჩამოვიდა.

ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო უწყებას 2020-2024 წლებში ხელმძღვანელობდა. გამოირჩეოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების კრიტიკით და არა მხოლოდ განცხადებებით - გასული წლის მაისში, ესტონელ და ლატვიელ კოლეგებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, ანტისამთავრობო აქციებშიც მონაწილეობდა.

ეწინააღმდეგებოდა "გამჭვირვალობის კანონის" მიღებას, ეჭვქვეშ აყენებდა ხელისუფლების საგარეო კურსს, საუბრობდა სანქციების აუცილებლობაზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე და იმაზეც, რომ ევროკავშირის წევრობა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას გულისხმობდა. მოგვიანებით კი ოპოზიციის მსგავსად აცხადებდა, რომ საქართველოში ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებდა.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ბალტიისპირეთიდან ჩამოსული ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას განაგრძობს, დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ლიეტუვის საგარეო უწყების ყოფილ ხელმძღვანელს და ქართულ ოპოზიციას, საერთო მიზნები ამოძრავებთ, რაც საბოლოოდ, კონკრეტულები ძალების გეოპოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებდა.

სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების შემდეგ, გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეხვედრას ხვალ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებთან გეგმავს.

დღის ამბები