19 მარტი 2025,   04:25
ვრცლად
5 ფონდის საქმიანობა უკვე მეორე დღეა გაყინულია - რას უკავშირებენ ფონდები მათი ანგარიშების დაყადაღებას და რა მტკიცებულებები აქვს მათ წინააღმდეგ პროკურატურას

უკვე 29 საათია, საქართველოში მოქმედი 5 ფონდის ანგარიშები გაყინულია. ნანუკა ჟორჟოლიანის, ნიკა გილაურის "ფროსპერითის," "სირცხვილიას", ფონდი "ერთმანეთისთვის" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" ფინანსურ ტრანზაქციებს პროკურატურა სწავლობს. რაში დაიხარჯა ბოლო 4 თვეში, 2 მილიონ ლარზე მეტი? - საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საპროტესტო აქციების პერიოდში შექმნილი ფონდები გადარიცხვების დროს დანიშნულებაში წერდნენ, რომ თანხა პიროტექნიკის და წინა ხაზის ბავშვებისთვის აირწინაღების, ან ბრძოლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად გამოიყო. ორგანიზაციების წარმომადგენლები "კურიერთან" ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებაზე რეაგირება წერილობითი განჩინების ჩაბარების შემდეგ ექნებათ.

ფონდების საბანკო ანგარიშები პროკურატურამ, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გაყინა. საქმე კი "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე აღიძრა. მომჩივანი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენას ითხოვს და ამბობს, რომ ფონდები რევოლუციურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია, რომლის ნაწილიც უკვე მზადაა, ფონდები ფიზიკურადაც დაიცვას. მოწოდება დღეს ნიკა გვარამიამ გააკეთა. სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი ფიქრობენ, რომ საგამოძიებო უწყებამ საბანკო ანგარიშები საპროტესტო მუხტის შესამცირებლად დააყადაღა.

ოპოზიციას დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საზოგადოებას შესაძლო რევოლუციურ პროცესებში ჩართული ფონდების და მათი დაფინანსების წყაროების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე, გამოძიება 8 თებერვალს, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმის ფარგლებში, პროკურატურამ მომჩივანი მხარე უკვე გამოჰკითხა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

 

დღის ამბები