20 მარტი 2025,   00:22
ვრცლად
როგორ და რისთვის დაიგეგმა სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა - 4 წლის წინ ძებნილი ექსპრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში გამოგზავნას, მმართველი გუნდი კიევში დაგეგმილ სპეცოპერაციად მიიჩნევს

საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შემდეგ, უკრაინიდან გემით გამომგზავრებული ძებნილი ექსპრეზიდენტი პირველად ბათუმში გამოჩნდა. სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ის მოქალაქეებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას და არჩევნების შემდეგ დიდი საპროტესტო აქციის დაორგანიზებას სთხოვდა.

რძის პროდუქტების კონტეინერით სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა, როგორც მალევე გაირკვა, უკრაინული სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანმა და საქართველოში ძებნილმა გია ლორთქიფანიძემ დააორგანიზა. უშუალო შემსრულებელი კი ტრაილერის მძღოლი ელგუჯა ცომაია იყო. ვიდეოების გავრცელებიდან მალევე, სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი თბილისში სწორედ ცომაიას კუთვნილ სახლში დააკავა. ექსპრეზიდენტმა მისივე პარტიის ორგანიზებულ მასშტაბურ აქციაზე მისვლა ვერ მოასწრო.

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა, რომ უკრაინაში დაგეგმილი სპეცოპერაციის საკვანძო ნაწილი იყო, ეს მალევე სასამართლოს წინაშე ელგუჯა ცომაიამაც აღიარა, რომელიც პირობითი მსჯავრით გათავისუფლდა.

4 წლის წინ ძებნილი ექსპრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში გამოგზავნას, მმართველი გუნდი კიევში დაგეგმილ სპეცოპერაციად მიიჩნევს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ გია ლორთქიფანიძემ და მისმა უცხოელმა ლობისტებმა ზუსტად იცოდნენ რა პროცესები დაიწყებოდა მალე უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილს კი რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, საქართველოში მეორე ფრონტის იდეა უნდა განეხორციელებინა. ამ ფონზე, პოლიტიკოსების თქმით, საზღვრის უკანონო კვეთისთვის მისჯილი 4 წელი და 6 თვე, ექსპრეზიდენტისთვის მსუბუქი სასჯელია.

ის, რომ რევოლუცია მიხეილ სააკაშვილის ხელწერაა, "ნაციონალურ მოძრაობაში" არ უარყოფენ. სააკაშვილის პარტიაში დღეს არ გამორიცხეს, რომ მაშინ თვითმმართველობის არჩევნებს შესაძლოა, ქუჩიდან სააკაშვილის ხელმძღვანელობით ცვლილებები მოჰყოლოდა.

"სააკაშვილისა და კიევში მისი მფარველების გეგმის ჩაშლამ ქვეყანა რევოლუციისგან იხსნა" - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების პოზიცია. კანონმდებლები აქცენტს, სააკაშვილის დაკავების შემდეგ რევოლუციის მოწყობის სხვა მცდელობებზეც აკეთებენ.

მიხეილ სააკაშვილს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლავამ გუშინ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სულ 5 სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, აქედან 4-ში ის უკვე დამნაშავედ ცნეს. ყოფილ პრეზიდენტს ციხეში სულ 12 წლისა და 6 თვის გატარება მოუწევს.

დღის ამბები