20 მარტი 2025,   00:22
ვრცლად
"არსებობს პროგნოზი, რომ ბოლო 150 წელთან შედარებით, ტემპერატურის მატების სიჩქარე 10-ჯერ გაიზრდება" - გეოლოგი, სტიქიური მოვლენების მატების მიზეზებს განმარტავს

მსოფლიოში სტიქიური მოვლენების რაოდენობამ მკვეთრად იმატა და ეს უცხო არავისთვის აღარ არის. საქართველოსაც არაერთხელ გადაუტანია ისეთი კატასტროფები, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და ქვეყანას განუზომელი რაოდენობის ზიანი მოუტანა.

დარგის ექსპერტები ბუნებრივი მოვლენების მატებას ვარაუდობენ. ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კი, კლიმატის ცვლილება სახელდება.

გეოლოგი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის ექსპერტი, არჩილ მაღალაშვილი "რუსთავი 2-თან" საუბრის დროს განმარტავს, რომ "კლიმატის ცვლილებას, ანუ დათბობასა და სტიქიური მოვლენების მატებას შორის, პირდაპირი კავშირი არსებობს".

თუმცა, როგორც ექსპერტი განმარტავს, გარდა კლიმატის ცვლილებისა, ბუნებრივი კატასტროფების მატებაზე გავლენას ადამიანების საქმიანობაც ახდენს - ახალი მშენებლობებით, ინფრასტრუქტურული პროექტებითა და ა.შ.

რით არის განპირობებული კლიმატის ცვლილება - ტემპერატურა სტაბილურია მაშინ, როდესაც დედამიწიდან იმდენივე სითბო გადის, რამდენიც დღის განმავლობაში, მზის ენერგიისგან შემოდის. თუმცა ამ დროისთვის, ეს პროცესი დარღვეულია. 

როგორც გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი განმარტავს, ბოლო პერიოდში, დედამიწიდან ნაკლები ენერგია გადის, რაც გარკვეულწილად, ადამიანის საქმიანობით არის განპირობებული.

“ჩვენ ვქმნით და ხელს ვუწყობთ ატმოსფეროში ე.წ. სათბურის გაზების მომატებას – სათბური გაზები ის გაზებია, რომელიც ხელს უშლიან დედამიწიდან სითბოს გასვლას და მას უკან აბრუნებენ, აი ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მიმდინარეობს დათბობა.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, დედამიწაზე დათბობა აჩქარებულად მიმდინარეობს. არსებობს მთელი რიგი პროგნოზები, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში, ბოლო 150 წელთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ გაიზრდება ტემპერატურის მატების სიჩქარე," - ამბობს ექსპერტი არჩილ მაღალაშვილი.

გახშირებული ბუნებრივი მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება კატასტროფებისთვის მოემზადოს, რაც მათ სტიქიისგან გამოწვეული ზიანის შემცირებაში დაეხმარება. 

"სტრატეგია ერთნაირია, როგორც გლობალურ, ის ლოკალურ შემთხვევაში და ის მოითხოვს თანმიმდევრულ და კომპლექსურ მიდგომას - პირველი, ეს არის საფრთხეების იდენტიფიკაცია, ანუ სად და რა ტიპის საფრთხეები შეიძლება გველოდოს. 

შემდეგ, შეტყობინებების სისტემების და მექანიზმების დანერგვა, რეაგირების გეგმების შემუშავება - ეს არის ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია სტიქიის მართვის პროცესში. 

გარდა ამისა, მოსახლეობაც უნდა იყოს მზად და ამის გადასარევი მაგალითი არის იაპონია, სადაც ბავშვებს პატარაობიდანვე ასწავლიან როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის ან განგაშის შემთხვევაში," - განაცხადა გეოლოგმა.

რთული რელიეფიდან გამომდინარე, საქართველოს სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა სახის სტიქიური მოვლენები ახასიათებს, როგორც არჩილ მაღალაშვილი განმარტავს, მთიანი რეგიონები უფრო მოწყვლადია გარკვეული ტიპის მოვლენებისთვის, ეს არის მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და მსგავსი მოვლენები. დაბლობში უფრო წყალდიდობებს და მეტეოროლოგიური ტიპის მოვლენებს უნდა მოველოდეთ, მათ შორის, გახშირდა ქარბორბალას შემთხვევები, ასე რომ სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა რელიეფის პირობებში, სხვადასხვა ტიპის მოვლენები არის მოსალოდნელი, ეს გარკვეულწილად შესწავლილია და რა თქმა უნდა, ეს ცოდნაც უნდა იყოს გამოყენებული.

“ნუ ვიფიქრებთ, რომ კატასტროფები მარტო თავსხმა წვიმებს უკავშირდება, კატასტროფა არის გვალვა და მსგავსი ტიპის მოვლენები, რომლისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, ჩვენ დამატებით უნდა შევქმნათ და სწორად ვმართოთ წყლის რესურსები, უნდა გვქონდეს შესაბამისი ტექნიკა, კარგად უნდა გავერკვიოთ სად, რა ტიპის კატასტროფებს მოველით და ა.შ. ეს ყველაფერი მოითხოვს შესაბამის რესურსებს, კადრების გაზრდას – შესაბამისი ტექნოლოგიების შეძენას და ა.შ. დღეს ეს პრობლემა არაა მარტო საქართველოსთვის, ეს მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია.

კარგია, რომ მედია დაინტერესდა ამ საკითხებით იმიტომ, რომ როგორც წესი, ეს თემები შუქდებოდა- ხოლმე კატასტროფების დროს, როცა ურემი გადაბრუნდება მერე ვიცით ხოლმე ამ თემებზე საუბრები, რომელიც ხანდახან, სამწუხაროდ, ასევე საუბრებად რჩება. კი სახელმწიფო უწყებები მუშაობს, მათ თავისი გეგმები აქვთ და ამ გეგმებს ახორციელებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავძინო, რომ ვინაიდან კლიმატი აჩქარებულად იცვლება, ჩვენი მხრიდანაც ეს პროცესები ასაჩქარებელია - ყველა დონეზე, მოსახლეობასთან მუშაობით დაწყებული, დამთავრებული ტექნოლოგიებით, კადრების მომზადებით და ა.შ.

ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველა რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვიყენოთ იქ, სადაც არ შეიძლება. მე იმ ინჟინრებს და მეცნიერებს ვეკუთვნი, რომლებიც მომხრეა საქართველოში ჰესების მშენებლობის, ოღონდ მხოლოდ იქ, სადაც ეს მიზანშეწონილია და მხოლოდ ისეთის, რომელიც იქნება საჭირო, უსაფრთხო და შესაბამისი კვლევებით გამყარებული”, - განაცხადა ექსპერტმა, არჩილ მაღალაშვილმა "რუსთავი 2-თან" საუბარში.

 

დღის ამბები