08 იანვარი 2025,   17:59
ვრცლად
"საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ დაადასტურა, რომ ჩვენი შეფასება არის მართებული" - სალომე სამადაშვილი

თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება. ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა.

"ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით", - მაკრონის ეს განცხადება საქართველოში საფრანგეთის ელჩმა სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს.

ამ მოსაზრებებს სოციალურ ქსელშივე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა.

"არ ვაპირებ საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ "ლე ფიგაროს" მონაცემებით, ფრანგების 61 პროცენტი პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს მხარს, 50 პროცენტზე მეტს კი ეროვნული ასამბლეის დათხოვნა უნდა, ახალი არჩევნები შესაძლოა კარგი გამოსავალი იყოს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას ოპოზიციაშიც აფასებენ. "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მაკრონმა დაადასტურა, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.

"ჩვენი შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღესვე იყო, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ დაადასტურა, რომ ჩვენი შეფასება არის მართებული და კიდევ ერთხელ დაადასტურა ისიც, რომ მხოლოდ ახალი, სამართლიანი არჩევნების გზით და არა რუსეთის სპეცოპერაციის გზით შეიძლება ქვეყანამ დაიწყოს კრიზისიდან გამოსვლა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები