იესოს დაბადებას ანგელოზის ფორმაში ჩაცმული მახარობლები იუწყებიან - "ალილოს" უძველესი ტრადიცია გრძელდება. სასულიერო პირებმა და მრევლმა რესპუბლიკის მოედანზე შეკრება დილიდან დაიწყეს.
თეთრ სტიქარებში ჩაცმული ბავშვები, მწყემსები და სამღვდელოება, რომელიც შობის ხატს მოაბრძანებს - "ალილოს" საზეიმო მსვლელობის დასაწყებად ყველაფერი მომზადდა. ადგილზე მისულმა ყველა თაობის წარმომადგენელმა სახარების ეპიზოდები გააცოცხლა. სიმბოლურ მახასიათებლებთან ერთად, "ალილოს" ტრადიცია საქველმოქმედო ხასიათის მატარებელიც იყო. რესპუბლიკის მოედანზე, ტრადიციულად, შესაწირი კუთხეც მოეწყო, სადაც ყველას ჰქონდა შესაძლებლობა საშობაო ნობათი მიეტანა.
რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირველი ვიცე-სპიკერი და პრეზიდენტის მეუღლე მივიდნენ. საშობაო ნობათი მიიტანეს და შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"ალილოს" საზეიმო მსვლელობა ზუსტად 14:00 საათზე დაიწყო. მახარობლები, ლოცვითა და გალობით, სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ.
ქრისტესშობის მახარობლებს მრევლის ნაწილი სწორედ სამების საკათედრო ტაძარში ელოდებოდა. "ალილოს" წლევანდელი საზეიმო მსვლელობა, ტრადიციულად, სწორედ სამების ეზოში დასრულდა.
"ალილოს" მსვლელობა დედაქალაქის გარდა, რეგიონშიც გაიმართა. საშობაო ნობათს ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებში, პენიტენციურ დაწესებულებებში ხვალიდან დაარიგებენ. "ალილოს" ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.