08 იანვარი 2025,   19:10
ვრცლად
აშშ-ში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - ქვეყნის 7 შტატში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ამერიკის შეერთებულ შტატებში სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. პოლარული ციკლონი, რომელმაც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ყინვა, ქარიშხალი, ძლიერი თოვა და შტორმი გამოიწვია, შვიდ შტატში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი გახდა.

მერილენდის, ვირჯინიის, დასავლეთ ვირჯინიის, კენტუკის, მისურის, კანზასისა და არკანზასის შტატებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული. სტიქიური უბედურების ზონაში 300 000 მოქალაქე ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი. არ ფუნქციონირებს საქალაქთაშორისო მაგისტრალები. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი და გაუქმებულია, საჯარო ღონისძიებების ნაწილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ამერიკის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ამ დროსთვის, ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში რისკის ზონაში 60 მილიონი ადამიანი რჩება. უწყებაში აცხადებენ, რომ ზოგიერთ რაიონში ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო დიდთოვლობა ფიქსირდება.

ყველაზე რთული ვითარება საქალაქთაშორისო მაგისტრალებზეა. პრობლემურ მონაკვეთებზე ეროვნული გვარდიაა მობილიზებული და მძღოლებს მანქანების მოყინული საფარიდან გადაყვანაში ეხმარება.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამერიკის აეროპორტებში 2 000-მდე ფრენა გაუქმდა, 9 000 კი გადაიდო.

რთული ვითარებაა ბრიტანეთშიც. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში - დიდთოვლობით, ყინვით და ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობა საქალაქთაშორისო გზების და სარკინიგზო ხაზების დროებით დახურვის მიზეზი გახდა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები