08 იანვარი 2025,   18:07
ვრცლად
"დაღუპული ბავშვების ბებიის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გაცილებით რთულია სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა" - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა. როგორც ლევან მგალობლიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, დაღუპული ბავშვების ბებიის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გაცილებით რთულია სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

"უმძიმესი ტრაგედია მოხდა საბერიოში. ძნელია ამ ვითარებაში გამონახო სიტყვები, რომლითაც შეიძლება ანუგეშო ოჯახი, რომელსაც ეს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს.
 
დღეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ბავშვების ბებია მოვინახულე. მისი ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გაცილებით რთულია სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
 
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მძიმე დროს, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ ჭოლარიების ოჯახს და შევუმსუბუქოთ ეს ტკივილი. აფხაზეთის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ ფინანსურ დახმარებას, რომელიც ოჯახის სოციალური რეაბილიტაციის და სხვა საჭიროებებისთვის იქნება აუცილებელი", - წერს ლევან მგალობლიშვილი. 

გალის რაიონის სოფელში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას შეშის ღუმელის დანთებისას ნავთი და ბენზინი აერია. ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღის ამბები