08 იანვარი 2025,   18:41
ვრცლად
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა - ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას" - პია კაუმა

"ჩვენ გვსურს, ნეიტრალურები დავრჩეთ. ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს, ვეხმარებით ნაკლოვანებების აღმოჩენა-ანალიზსა და რეკომენდაციების შესრულებაში. ეს არის ჩვენი ფუნქცია. არ გვსურს, რომელიმე მხარეს დავდგეთ", - აცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში, რომელიც საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას ეხება.

ფინეთის პარლამენტის წევრი პია კაუმა აღნიშნავს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის მიზანი არ ყოფილა, რომ ის ხელისუფლების აღიარებად წარმოჩენილიყო და ვინმესთვის ლეგიტიმაცია შეეძინა.

"როგორც თქვენ, ალბათ, უკვე იცით, ODIHR-მა დეკემბრის ბოლოს გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში, რომელიც მოიცავს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. ჩემი, ისევე როგორც ჩემი კოლეგების, განზრახვა იყო, გავმგზავრებულიყავით საქართველოში და დაგვეწყო დიალოგი როგორც მთავრობასთან, ასევე ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა შეგვეწყო ხელი ამ რეკომენდაციების განხილვასა და შესრულებაში. აქ საუბარია 12 ძირითად და უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციაზე, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. ჩვენ ნამდვილად მზად ვიყავით, რომ საქართველოს დავხმარებოდით ამ პროცესის დაწყებაში", - ამბობს კაუმა.

მისივე განცხადებით, დელეგაციის წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საზოგადოების ყველა მნიშვნელოვან აქტორთან - მათ შორის, ოპოზიციასა და სამოქალაქო ორგანიზაციებთან - ჩართულობა.

"თუმცა გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობდა საკმარისი მზაობა ჩვენთან შესახვედრად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ეუთოს მხრიდან, ინიციატივას ვავლენდეთ და ჩავდიოდეთ საქართველოში, მაგრამ ამისთვის საკმარისი კეთილგანწყობაც უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ მიგვიღონ", - ამბობს ის.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიებისგან გაგზავნილ წერილზე ამახვილებს ყურადღებას.

"მივიღე წერილი სამი ოპოზიციური პარტიისგან, რომელშიც ისინი მირჩევდნენ, ვიზიტი ან გადამედო, ან მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ჩამოვსულიყავი. ერთ-ერთი მოთხოვნა ახალი არჩევნების თარიღის განსაზღვრა იყო, მეორე კი დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ეხებოდა. ამ ეტაპზე, ცხადია, ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება. თუმცა, მინდა ასევე დავამატო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ და მზად იყვნენ ჩვენთან შესახვედრად და ODIHR-ის რეკომენდაციების განხილვაზე სასაუბროდ", - აცხადებს კაუმა.

როგორც ის განმარტავს, საქართველოში არჩამოსვლის მიზეზი იყო არა ის, რომ ოპოზიციის მოთხოვნებს ეთანხმებოდა ან მათ შეშფოთებას იზიარებდა, არამედ ის, რომ მათ უარი თქვეს შეხვედროდნენ პირობების დაკმაყოფილების გარეშე და არ უნდოდა, მხოლოდ ხელისუფლებას შეხვედროდა.

"თუ თბილისში ჩამოვიდოდი და მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდებოდი, ეს ზუსტად იმ სურათს შექმნიდა, რაც არ მინდოდა მეჩვენებინა - რომ თითქოს ჩვენ ხელისუფლებას ვუჭერთ მხარს. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არ არის ჩვენი მანდატი, ამის გაკეთება არ გვსურს და არც ვაკეთებთ. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ამ ძალიან რთულ და დაძაბულ ვითარებაში ჩვენი ვიზიტი მხოლოდ მაშინ იქნებოდა შედეგიანი, თუ ყველა მნიშვნელოვან მხარეს შევხვდებოდით", - ამბობს პია კაუმა.

მისივე განცხადებით, ვიზიტის გადადების მიზეზი "გარე ზეწოლა" არ გამხდარა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა კაუმა საქართველოს მთავრობას ლეგიტიმურად, პასუხობს:

"მე ამას ვერ ვიტყვი. ვფიქრობ, ეს თქვენი საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემების გადასაწყვეტია. მე ამ საკითხზე ვერაფერს განვსაზღვრავ".

ჟურნალისტმა კაუმას ჰკითხა, ეუთო/ოდირს რომ მსგავსი ანგარიში ფინეთში ჩატარებულ არჩევნებზე გამოექვეყნებინა, გაუჩნდებოდა თუ არა კითხვები თავისი ქვეყნის მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით? ფინეთის პარლამენტის წევრი პასუხობს:

"იცით, დავფიქრებულვარ ამაზე. ჩემი აზრით, პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ სრულყოფილი არავინაა - ყველა ქვეყანაშია ისეთი საკითხი/თემა, რაც გაუმჯობესებას საჭიროებს, ვერავინ დაიკვეხნის, რომ დემოკრატიის საბოლოო, ფინალურ დონეს მიაღწია. ყოველთვის არის გასაუმჯობესებელი საკითხები. მაგრამ ფინეთის შემთხვევას თუ მოვარგებთ ამ ყველაფერს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას".

დღის ამბები