პოლიტიკური შეფასებების საგანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებები. ყურადღება მახვილდება ინტერვიუს იმ ფრაგმენტზე, სადაც პია კაუმა საკუთარი ქვეყნის მაგალითზე საუბრობს. მაშინ როდესაც მას ჰკითხეს იმ მოსაზრებაზე რომლის მიხედვით, საქართველოში ვიზიტი აღიქმებოდა, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხელის შეწყობა, პია კაუმამ ფინეთის მაგალითზე თქვა, რომ გარედან არავინ უნდა თქვას მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ფინეთის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის მოცემულობა საქართველოსგან განსხვავებულია.
"არალეგიტიმაციასთან დაკავშირებით არსებობს, როგორც საკონსტიტუციო, ისე საერთაშორისო აღქმაც. აქვე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფინეთთან მიმართებაში, ბუნებრივია, სხვა მიდგომა იქნება, რადგან შეგახსენებთ, რომ ფინეთი გახდა NATO-ს წევრი სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობა ბევრად უფრო მსუბუქია და სტანდარტი განსხვავებულია, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში", - აცხადებს პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიზიტი გადადო, ვრცელი განმარტება გააკეთა. "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ფინეთის პარლამენტის წევრი პია კაუმა გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. ამბობს, რომ სამი ოპოზიციური პარტიიდან მიიღო წერილი და მან მიიჩნია, რომ ქვეყანაში არ არსებობდა ამ ეტაპზე მზაობა დიალოგის. რაც შეეხება მოსაზრებას რომ დაგეგმილი და შემდეგ გადადებული ვიზიტი ხელს შეუწყობდა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას, პია კაუმა განმარტავს, რომ ეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მანდატი არ არის. "ჩვენ ასე არ ვიქცევი", - აცხადებს პია კაუმა და საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ამბობს რომ მნიშვნელოვანია, გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. "ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას", - აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.