08 იანვარი 2025,   18:55
ვრცლად
"ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. ბოროტი ძალისგან თავსმოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს" - პატრიარქის ეპისტოლეს მთავარი აქცენტები

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, საშობაო ეპისტოლეთი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ, ყველა ცოცხალი არსებისგან განსხვავებით, სწორედ ადამიანი გამოირჩევა გონიერებით, მეტყველებითა და თავისუფალი ნებით. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ამქვეყნიური ცხოვრება ადამიანმა ღმერთთან დასაახლოებლად უნდა გამოიყენოს, თუმცა კაცობრიობა თავს მოხვეულ მანკიერებებს თავს ვერ აღწევს.

საშობაო ეპისტოლეს მიხედვით, დედამიწაზე ქრისტეს დაბადებას სიცოცხლის ნათელი მოაქვს მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი. პატრიარქი ამბობს, რომ ქრისტიანობა რჩეულთა ხვედრია, ქრისტეს რწმენა კი თაობიდან თაობას გადაეცემა.

საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. საშობაო წირვის დასრულების შემდეგ მათ სრულიად საქართველოს მოსახლეობას შობის დადგომა მიულოცეს.

მოქალაქეებს შობა მიულოცეს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ და მისმა მეუღლემ. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მისალოც წერილში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს რწმენის, თავისუფლებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ კოორდინირებულმა შეტევამ, ყველასთვის ცხადი გახადა, რომ ჩვენი ქვეყნის ბრძოლის ხაზი ეროვნულ იდენტობასა და თავისუფლებაზე გადის.

საზეიმო ღვთისმსახურება, სამების საკათედრო ტაძრის მსგავსად, საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღევლინა.

დღის ამბები