მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია უკვე დიდი ხანია, დასავლეთთან აქტიურ ინტეგრაციას ესწრაფვის, დასავლეთის ძირითადი ლიდერები მაინც ამჟამინდელ ოპოზიციას უჭერდნენ მხარს და ცდილობდნენ, შეეზღუდათ ან რეალურად დაესრულებინათ მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, - ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის “ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში.
სტატიის ავტორი, ალმუტ როხოვანსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს და წერს, რომ ვითარება მოულოდნელი მიმართულებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო “2028 წლის ბოლომდე არ დააყენებს დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს“ და მანამდე არც ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებას მიიღებს.
ავტორის თქმით, ეს უპრეცედენტო ფაქტია ევროკავშირის გაფართოების ოცდაათწლიან ისტორიაში, რომლის განმავლობაშიც აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის წევრობის დაპირება და ინტეგრაციის არასტაბილურობა მუდმივად იწვევდა საზოგადოების დესტაბილიზაციას, მთავრობების დამხობას, იმედების გაჩენას და შემდეგ მსხვრევას. მისივე შეფასებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველო აწყდებოდა დასავლეთის მხრიდან.
“კობახიძის განცხადებამ ქრონიკული კრიზისის ფონზე კიდევ ერთი აფეთქება გამოიწვია, რომელიც ქუინსის ინსტიტუტის ბოლო ანგარიშშია აღწერილი. ყველაფრის სათავე საქართველოს შიდა პოლიტიკური მოწყობის “გეოპოლიტიზაციაშია“ საძიებელი. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია უკვე დიდი ხანია, დასავლეთთან აქტიურ ინტეგრაციას ესწრაფვის, დასავლეთის ძირითადი ლიდერები მაინც ამჟამინდელ ოპოზიციას უჭერდნენ მხარს და ცდილობდნენ, შეეზღუდათ ან რეალურად დაესრულებინათ მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა. შედეგად, საქართველოს მთავრობასა და დასავლეთს შორის არსებული გაუცხოება კიდევ უფრო გამწვავდა. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველო ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცა, მისგან დასავლეთის სანქციებთან მიერთებასა და უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილის გადაცემას ითხოვდნენ. პატარა, დაუცველი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეკონომიკის გადარჩენის მიზნით, “ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა“, - წერს ავტორი.
მისივე შეფასებით, “ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგობოდა მცდელობებს, რომლებიც, მისი აღქმით, ხელისუფლების ნელ ტემპში შეცვლას ემსახურებოდა. როგორც ავტორი წერს, აღნიშნული წინააღმდეგობის მაგალითია საკამათოდ ქცეული ზომების მიღება, რომლებიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური დეკლარაციების გამოქვეყნებას ავალდებულებდა. მისი თქმით, ამ ნაბიჯებმა კიდევ უფრო გააღრმავა უფსკრული “ქართულ ოცნებასა“ და დასავლეთს შორის, რამაც 2023 და 2024 წლებში ევროკავშირის მხარდამჭერ ქართველებს შორის ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
“ბოლო საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აღმოცენდა, რაც “ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება გამოაცხადა არჩევნებში, რომლის შედეგებიც ოპოზიციამ გაყალბებულად მიიჩნია, თუმცა დამამტკიცებელი საბუთების წარმოდგენა ვერ შეძლო. ეს საპროტესტო ტალღა რამდენიმე დღის წინ ჩაცხრა. კობახიძის განცხადებიდან რამდენიმე საათში, თბილისსა და სხვა ქალაქებში დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებში მონაწილე ადამიანებიც ბევრად უფრო აგრესიულად და ძალადობრივად იქცეოდნენ, ვიდრე სხვა დროს. ამან პოლიციის მხრიდან აქციის მასშტაბური დაშლა გამოიწვია. საქართველოს უფლებადამცველებმა არა მხოლოდ პოლიციის ქმედებები დაგმეს, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთო საპროტესტო მოძრაობის დაშლის მცდელობაც. ოპოზიციურად განწყობილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამ თვეში ეწურება, განაცხადა, რომ აპირებს თანამდებობაზე დარჩენას და ოპოზიციური ძალების გაერთიანებას საბჭოში, რათა მოემზადოს ძალაუფლების ჩამოსართმევად იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც არალეგიტიმურად მიიჩნევს. საქართველოს რამდენიმე ელჩმა თანამდებობა დატოვა, ხოლო სამთავრობო უწყებების ასობით თანამშრომელმა საპროტესტო წერილებს მოაწერა ხელი. ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა ჯარს ხალხის დაცვისკენ მოუწოდა. საქართველოს ქრონიკული კრიზისის ეს უკანასკნელი გამწვავება უფრო მძლავრად იგრძნობა, ვიდრე წინა გამოვლინებები“,- ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.