04 დეკემბერი 2024,   12:52
ვრცლად
პარლამენტის ჩამსხვრეული ფანჯრები, მოგლეჯილი ჯებირები, საღებავებით მოსვრილი კედლები, დაზიანებული სათვალთვალო კამერები, ნაგვის ურნები, ბოძები, ხეები - პროტესტის მეხუთე ღამის შედეგები

პროტესტის მეხუთე ღამე თბილისში - დემონსტრანტების ნაწილმა აქციის დაწყებისთანავე პარლამენტის შენობის მიმართულებით აალებადი ნივთებისა და პიროტექნიკის სროლა დაიწყო, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეზოში გამაგრებულმა სპეცრაზმმა წყლის ჭავლით უპასუხა. წინა ოთხი დღისგან განსხვავებით, სამართალდამცავებმა მომიტინგეებს დაშლისკენ უკვე რვის ნახევარზე მოუწოდეს, რასაც მალევე მოჰყვა აქციის დაშლის საპოლიციო ღონისძიება.

წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირის ყუმბარების გამოყენების შემდეგ დემონსტრანტებმა რუსთაველის თეატრისკენ დაიხიეს და ტრადიციულად ბარიკადები ააგეს. ამას კი მოჰყვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან პერმანენტული შეტაკებები. დემონსტრანტები დიდი რაოდენობით იყენებდნენ პიროტექნიკას, რომლის აფეთქებების ხმა თბილისი ცენტრში დილის 7 საათამდე ისმოდა. იყო ძლიერი ხანძარიც ბარიკადებზე და დაკავებები. 

უცვლელი ადგილი და შეცვლილი სტრატეგია - პროტესტის მეხუთე ღამე წინა ოთხისგან განსხვავებულად დაიწყო - მომიტინგეების აგრესიულმა ნაწილმა ფეთქებადი და აალებადი, საწვავში ამოვლებული ნივთების სროლა პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე საღამოს 7 საათიდანვე დაიწყო.

რა ხდებოდა ამ დროს პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე, ვიდეო პრესსამსახურმაც გაავრცელა.

სამართალდამცავებმა საკანონმდებლო ორგანოს შიდა ტერიტორიიდან წყლის ჭავლი გაუშვეს. მანამდე კი იყო ბრახუნი ჯებირებზე და უწყვეტ რეჟიმში ბოთლების, სხვადასხვა ნივთებისა და პიროტექნიკის სროლა.

განცხადება მალევე გააკეთა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმაც, რომელმაც აგრესიულ დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ვითარების დაძაბვიდან მალევე სპეცრაზმმა პირველი საპოლიციო ღონისძიება დაიწყო - სპეცრაზმი წყლის ჭავლის მანქანასთან ერთად დაიძრა. მომიტინგეებმა ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. წინა დღეების მსგავსად, მუნიციპალური ინვენტარით ისევ ააგეს ბარიკადები, რასაც ცეცხლი წაუკიდეს. კვლავ იყენებდნენ დიდი რაოდენობით პიროტექნიკას და ამით წყლის ჭავლის მანქანის შეფერხებას და სპეცრაზმის შეკავებას ცდილობდნენ.

ღამის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის 23 მონაწილე დაშავდა, შსს-ში კი ითქვა, რომ აქციაზე დაზიანდა 12 სამართალდამცველიც.

მომიტინგეების გარკვეულმა ნაწილმა სპეცრაზმის ფარების დაზიანება სცადა. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი ფეხს სამართალდამცველების ფარებს, რის შემდეგაც ის ტერიტორიიდან გაჰყავთ.

მოგვიანებით, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე ბარიკადები გაარღვია და გზა გაათავისუფლა. პროტესტის მონაწილეებმა კი რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. აქციაზე იყო ოპოზიციის ლიდერთა ნაწილიც.

აქციაზე ღამით ისევ იყო დაპატიმრებები - შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით 34 პირია დაკავებული

რუსთაველზე პროტესტი დილის დაახლოებით 7-ის ნახევარზე მას შემდეგ დასრულდა, რაც მომიტინგეთა ნაწილმა მელიქიშვილზე გადაინაცვლა. პარალელურად დაიწყო რუსთაველზე ცეცხლის ლიკვიდაცია და ტერიტორიის დასუფთავება.

დიდხანს არც მელიქიშვილის გამზირზე დარჩნენ და ისევ მსვლელობა დაიწყეს, ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს. იქაც აღმართეს ბარიკადები და ნაგვის ურნებს ისევ ცეცხლი წაუკიდეს. სპეცრაზმი ჭავჭავაძის გამზირზეც გამოჩნდა, რასაც მომიტინგეების მხრიდან სამართალდამცავების მისამართით ისევ პიროტექნიკის სროლა მოჰყვა. შემდეგ იყო გამაფრთხილებელი მოწოდება და წყლის ჭავლი.

აქციის მონაწილეთა ბოლო ლოკაცია ყიფშიძის ქუჩა აღმოჩნდა, სადაც მომიტინგეებმა "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს გადაღების შეწყვეტა სთხოვეს, ჩვენ მათი თხოვნა გავითვალისწინეთ.

პარლამენტის ჩამსხვრეული ფანჯრები, მოგლეჯილი ჯებირები, საღებავებით მოსვრილი კედლები, დაზიანებული სათვალთვალო კამერები, ნაგვის ურნები, ბოძები, ხეები - პროტესტის მეხუთე ღამის შედეგები წინა ოთხის მსგავსია. გამთენიისას რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე მუშაობა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაიწყეს. დილიდან კი საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

დღის ამბები