12 დეკემბერი 2024,   01:13
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში - მმართველი პარტია პრეზიდენტის გამონათქვამებს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის წინ, მისი არამდგრადი ემოციური ფონით ხსნის

საქართველოს პრეზიდენტმა, საკუთარი ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმზე იერიში საერთაშორისო მედიით მიიტანა. ფრანგულ რადიოსთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

ზურაბიშვილის ამ განცხადებას, პრემიერ-მინისტრი, მისი არამდგრადი ემოციური მდგომარეობით ხსნის. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტისგან, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2 კვირაში ეწურება, მოულოდნელი და გასაკვირი უკვე არაფერია.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სამართალდამცველების მოქმედებები მათთვისაც მიუღებელია, თუმცა ნარკოტიკთან დაკავშირებულ ბრალდებაზე პასუხს თავადაც პრეზიდენტისგან ელოდებიან.

პრეზიდენტისგან განმარტებას ითხოვს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ იმასაც, რომ პრეზიდენტი, რომელმაც კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია, დღემდე სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს საპატრიარქო და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის პოზიცია სამართალდამცველების დისკრედიტაციასა და პოლარიზაციას იწვევს. შემაშფოთებელს უწოდებს, პრეზიდენტის მოწოდებასაც, აქციებში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებით. გავრცელებული განცხადებით, საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს თითოეულ სიტყვას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

დღის ამბები