რუსთაველის თეატრთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და განცხადება გააკეთეს - მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, მათთვის მიუღებელია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სწორედ ამიტომ, აპირებენ, რომ საპროტესტო აქციებზე ბოლომდე იდგნენ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ უერთდებიან იმ მოწოდებებსა და სულისკვეთებას, რაც დემონსტრანტებს აქვთ მთელი ამ დროის განმავლობაში.
NGO-ს წარმომადგენლებმა გარკვეული მოთხოვნებიც გააჟღერეს ხელისუფლების მიმართ - ითხოვენ ხელახალ არჩევნებს ცესკოს ნეიტრალური დაკომპლექტებით, ამავდროულად ძალოვანი უწყებების ნეიტრალური პირებით დაკომპლექტებას.
"უკვე ყველანაირ ზღვარს გადადის ის, რაც ხდება და თუ ჩვენ აქამდე ვითხოვდით უბრალოდ ახალ არჩევნებს და ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, ახლა უკვე შეუძლებელია ეს რეჟიმი და ხელისუფლება რჩებოდეს ძალაში. აუცილებელია, რომ შედგეს გარკვეული მოლაპარაკება და ამ მოლაპარებას სხვა მიზანი არა აქვს გარდა იმისა, რომ ოლიგარქი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და ქართველი ხალხი უნდა გათავისუფლდეს ამ ძალადობრივი რეჟიმისგან", - აცხადებს "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ დასავლელ პარტნიორებს, რომ დაასანქცირონ ის პირები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში მმართველ რგოლში იმყოფებიან.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანთ უკეთეს მომავალს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება მათ, ვინც ასრულებს მის უკანონო დავალებებს და თვითონ მას, მის მიმართ იქნება გატარებული ძალიან მკაცრი ღონისძიებები", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.