05 დეკემბერი 2024,   06:03
ვრცლად
ახალგაზრდები მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ოფისში გვქონდა საქართველოს, ევროკავშირის დროშები, ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელსაც ვიყენებდით წითელ კარავში - თინა ბოკუჩავა

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩხრეკის დროს ხუთი ახალგაზრდა მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ პარტიაში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე თავდაცვისთვის, ფიზიოლოგიური ხსნარი ინახებოდა.

"ველოდები დაშვებას, რომ მოვინახულო ის ხუთი ადამიანი, რომელიც დღეს ივანიშვილის "ომონმა" უკანონო ჩხრეკის დროს აიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ოფისში. ეს არის ხუთი ახალგაზრდა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში იდგა, თავის თანატოლებთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. ამისთვის იდევნებიან ისინი, ისე როგორც სხვა ასობით ახალგაზრდა, რომელიც არის უკანონოდ დაკავებული, ნაცემი. დღესაც ვნახეთ მეტროსადგურებში როგორ აკავებდნენ ადამიანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ევროკავშირის ან საქართველოს დროშა, ან სხვადასხვა თავდაცვითი საშუალებები, როგორიც არის ნიღაბი, რომ ოდნავ ნაკლები ეფექტი ჰქონდეს იმ მომწამლავ ნივთიერებებს, რომელსაც ერთგვარად ქიმიური იარაღის ტოლფასად აკვალიფიცირებენ მედიკოსები, რომელსაც საშინელი შედეგები მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

ასობით ჩვენი თანამოქალაქე და ძირითადად ახალგაზრდები დააკავეს ძალადობრივად, რომელთაგან ძალიან ბევრი არის საშინლად ნაცემი, აყენებენ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას. იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ აფურთხებდნენ დაკავების მომენტში. ამგვარი დამამცირებელი მოპყრობა არის არაადამიანური, წამების ტოლფასი, რაც ისჯება არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო კონვენციებით.

ჩვენი ახალგაზრდები მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ოფისში გვქონდა საქართველოს, ევროკავშირის დროშები, გვქონდა ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელსაც ვიყენებდით წითელ კარავში, ბოლო ორი დღის განმავლობაში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები