04 დეკემბერი 2024,   12:24
ვრცლად
"ქართული ოცნება" დღეს მიმდინარე პროცესებს რევოლუციის მეოთხე უშედეგო მცდელობას უწოდებს - ოპონენტები კი მმართველ პარტიას ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტერმინი - ლიბერალური ფაშიზმი, დღეს, რამდენჯერმე ახსენა და ის საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილთან დააკავშირა. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ამ იდეოლოგიის გამავრცელებელი საქართველოში მესამე სექტორი და ოპოზიციაა. მთავრობის მეთაურის აზრით, ბულინგი და საზოგადოების დაყოფის მცდელობა იმ ძალების სურვილია, რომლებსაც საქართველოში რევოლუციური სცენარების განხორციელება სურთ.

პრემიერის ბრალდებას უსაფუძვლოს, პარლამენტის წინ მიმდინარე დემონსტრაციებს კი სრულიად მშვიდობიანს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ახლა რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი მიმდინარეობს, რომლის მიზეზი თავად ხელისუფლებამ გააჩინა. პოლიტიკოსების თქმით აქციების მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე არსებული რეგრესია. ოპონენტების მხრიდან აქციების პერსონალური ინტერესებისთვის გამოყენებაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ პროტესტის გულწრფელი მონაწილეების გარდა, ადგილზე ოპოზიცია, ენჯეოები და მათი ლობისტების ინტერესები მუშაობს - მიზანი კი ძალისმიერი გზით ხელისუფლების დამხობის სურვილია. ლიდერების აზრით, პროცესს სამომავლოდ ადეკვატური სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება დასჭირდება.

დღეს მთავრობის მეთაურმა აქციების მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის კურსი არ შეუჩერებია და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. პრემიერმა ისიც განმარტა, რომ სურვილის შემთხვევაში მზადაა მოლაპარაკების გახსნის შეთანხმებას ხელი დაუყოვნებლივ მოაწეროს. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, "ქართული ოცნება" ურთიერთობების გადატვირთვას 20 იანვრიდან, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ელოდება. უკვე 5 დღეა დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტი მთავრობის მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის მოთხოვნის 4 წლით გადაწევას მოჰყვა.

დღის ამბები