258 დაკავებული ხუთ დღეში - ყველა ადმინისტრაციული წესით, აქედან 34 წუხელ აიყვანეს. დაკავებულთა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლებულია, ნაწილი დაჯარიმდა, ნაწილის საქმეების განხილვა კი, სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. არიან ისეთებიც, რომელთა მიმართაც სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა. დაკავებულების უმეტესობას, გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
რაც შეეხება უფრო მძიმე ბრალდებებს - სისხლის სამართლის ორი მუხლით სულ დაკავებულია 5 პირი. მათ პოლიციელებზე თავდასხმა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება ბრალდებათ, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მხოლოდ წუხელ დაზიანება მიიღო 12-მა სამართალდამცველმა. თავის მხრივ ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება დაკავებულთა დიდ ნაწილს. პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო.
ირაკლი დიასამიძე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი პირია, რომელიც სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. პოლიციის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით მას 4 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 3 000 ლარის გადახდა მოუწევს ჟურნალისტ ირაკლი წულაიას. სამართალდამრღვევებად ცნობილი პირები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
დაკავებულების ადვოკატები დარღვევებზე საუბრობდნენ, სასამართლოს კი ტენდენციურობაში ადანაშაულებენ.
სასამართლო სხდომების პარალელურად ადვოკატები გასულ ღამეს დაკავებულ 34 პირს შეხვდნენ.
ბოლო დაკავებულებს შორის არის ქალი, რომელიც სპეცრაზმის კორდონის გარღვევის მცდელობისას აიყვანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა სისხლის სამართლის წესით დაკავებული 5 პირიდან 2-ის სხდომა. ბრალდებულებს ბრალი პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლით აქვთ წარდგენილი. მათ პატიმრობა შეეფარდათ.
დღის ბოლოს, დაკავებულების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე ისაუბრა. ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, რომ შსს-ს ყველა კანონდარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება.
სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა 2 თვეში დაიწყება.