ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში რევოლუციური სცენარი ჩავარდა. მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისში მიმდინარე პროტესტი რომ ძალადობრივია, ამას დედაქალაქის ქუჩებში არსებული მდგომარეობა და რუსთაველზე დაზიანებული ინფრასტრუქტურაც მოწმობს. პრემიერმა კვლავ არაერთხელ გამოიყენა ტერმინი -ლიბერალური ფაშიზმი. თქვა ისიც, რომ დესტაბილიზაციის მცდელობისთვის პასუხისმგებლობა, კანონის ფარგლებში, მესამე სექტორს და ოპოზიციას მოუწევს.
დედაქალაქის ქუჩებში თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს სრულიად მშვიდობიანს უწოდებს ოპოზიცია. პოლიტიკოსები საზოგადოებრივი მღელვარების მიზეზს მმართველი ძალის შეცდომებში ხედავენ. ამტკიცებენ, რომ დემონსტრანტების ქმედება კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჯდება.
ოპონენტები დღეს მმართველი გუნდიდან ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში დაადანაშაულეს. თქვეს, რომ სცენარი რომელიც ახლა თბილისში ვითარდება დიდი ხანია "ოცნებას" გაშიფრული აქვს. მმართველი გუნდის ლიდერების აზრით, პროცესების განვითარება მაიდნის ტაქტიკით იყო ჩაფიქრებული, თუმცა სახელმწიფომ ყველაფრის პრევენცია შეძლო.
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, პრემიერი ამ დრომდე შტატებისა და ევროკავშირის ელჩების რეაქციას ელოდება. ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ისიც, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. მთავრობის მეთაური შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას, 20 იანვრიდან ელოდება, მას შემდეგ რაც თეთრ სახლს ტრამპის ადმინისტრაცია დაიკავებს.
თბილისში დემონსტრაციები უკვე მეშვიდე დღეა მიმდინარეობს. საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნას 2028 წლამდე აღარ მოითხოვს.