"ვუნდერკინდი" , "საუკუნის მევიოლინე" , "ის დაიბადა მუსიკისა და პოეზიისათვის", "მსოფლიო დონის ვირტუოზი პატარა საქართველოდან" - პატარა საქართველოში დაბადებულმა ლიანა ისაკაძემ, მსოფლიოს თავი ასე გააცნო. მან ადრეული ასაკიდან მოახერხა, საკუთარი ნიჭიერებით, მსოფლიოს მისი სახელი და გვარი დაემახსოვრებინა. მის მრავალრიცხოვან დამსახურებებს შორისაა, 90-იანი წლების ურთულეს პერიოდში, საქართველოს კამერული ორკესტრის გადარჩენის ისტორია.
2017 წლის ზაფხულში ლიანა ისაკაძემ ბოლოჯერ დაუკრა. დიდი კარიერა მეუღლის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ დაასრულა - პოეტი, ესეისტი და კრიტიკოსი თამაზ ჩაჩავა ბათუმში, კონცერტის დროს, გულის შეტევით დაიღუპა. ლიანა ისაკაძისთვის ეს იმდენად დიდი ტრაგედია იყო, რომ მას შემდეგ სცენაზე აღარ გამოჩენილა. მხოლოდ მეუღლისთვის - დიდუბის პანთეონში, სასაფლაოზე, რამდენჯერმე დაუკრა.
საუკუნის მევიოლინე ლიანა ისაკაძე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსი დღეს, მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ქარიზმატული, მკვეთრად დახატული შავი, დრამატული თვალი და გრძელი წინამო - მათ გარეშე, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ლიანა არავის უნახავს, მაგრამ ეროვნული არქივი ნაკლებად ცნობილ ჩანაწერებს ინახავს - ნორჩ ლიანას, მცირე ასაკში, უკვე ვირტუოზად მოიხსენიებდნენ - აღმატებით ხარისხში.
დედაქალაქშიც, საბჭოთა კავშირშიც, ევროპაშიც და მსოფლიოშიც გვასახელა.
პირმცინარი ლიანას ცხოვრების მუსიკალური თხრობა ყოველთვის მაჟორული არა, ხშირად, იყო მინორული, მაგრამ მეტი ძალისხმევა მაინც პოზიტიურ და სახალხო მუსიკაში ჩადო. ჯერ კიდევ 80-იან წლებში დააარსა ფესტივალი "ხუმრობენ მუსიკოსები". მუსიკალურ ანტურაჟში იუმორის იდეამ, თავდაპირველად, კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ კლასიკური მუსიკის ახალ მიმართულებას მალევე მოჰყვა აღიარება.
შემდეგ იყო ლიანას ღამის სერენადები ბიჭვინთაში და სწორედ მოცარტის "ღამის სერენადები" გახდა მისი ცხოვრების მთავარი მელოდია - 1982 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე.
აფხაზეთის დაკარგვასთან ერთად, წლების განმავლობაში, მისთვის ბიჭვინთის ფესტივალი ცხოვრების მთავარ სენტიმენტად იქცა. 18-წლიანი პაუზის შემდეგ, მისი აღდგენა აფხაზეთში ვერა, მაგრამ კონტროლირებად ზღვისპირეთში 2009 წელს გადაწყვიტა. "ზაფხულის სერენადები" მისთვის და სხვა მონაწილე მუსიკოსებისთვის, კლასიკური მუსიკის ჩარჩოდან გასვლისა და სრული თავისუფლების სივრცედ აქცია.
2017 წელს, ზაფხულის ფესტივალის მიმდინარეობისას, გულის შეტევით გარდაიცვალა ლიანას ცხოვრების მთავარი სიყვარული - სწორედ მაშინ, როდესაც 45-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ პირველად ერთად უნდა შეესრულებინათ ჯაზი.
მას შემდეგ, ლიანა ისაკაძე სცენაზე აღარ ასულა. ფესტივალი, ტრადიციულად, ყოველი ზაფხულის ბოლოს მაინც ტარდებოდა, თუმცა ყველაზე სევდიანი ის წელს იქნება.
სხვა სამყაროში მან მსმენელი თითქმის 70 წლის განმავლობაში აფრინა და დღეს ის სამუდამოდ გაფრინდა.