25 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
რა გახდა ბოლნისში "სუ-25-ის" ჩამოვარდნის მიზეზი, ადამიანური ფაქტორი თუ ტექნიკური ხარვეზი - გამოძიება ე.წ. შავ ყუთს შიფრავს

ბოლნისში, ავიაკატასტროფის ადგილას 2-დღიანი საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. სამხედრო პოლიციამ კონკრეტული მტკიცებულებები უკვე მოიპოვა, მათ შორის, საფრენი აპარატის ფრაგმენტები და ე.წ. შავი ყუთი, რომლის ჩანაწერებსაც გამოძიება უკვე სწავლობს.

ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი მფრინავის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, საბოლოო შედეგები კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. რა გახდა მოიერიშე თვითმფრინავის "სუ-25-ის" კატასტროფის მიზეზი, გამოძიება დაადგენს. მანამდე კი, მოკვლევის წინასწარი დასკვნა უკვე ცნობილია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფრენამდე "სუ-25-ს" ყველანაირი ტექნიკური შემოწმება ჰქონდა გავლილი.

ექსპერტიზის ბიუროდან კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი უკვე მშობლიურ ქალაქ გორში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. საჰაერო ძალების ოფიცერს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გამოცდილი პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი, ავიაკატასტროფას 2 დღის წინ, სოფელ დისველთან ემსხვერპლა. "სუ-25-მა" მარნეულის საავიაციო ბაზა დღის პირველ ნახევარში დატოვა. პილოტს გეგმიური სწავლება უნდა შეესრულებინა, თუმცა 2-წუთიანი ფრენის შემდეგ, მოიერიშე თვითმფრინავი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. ტრაგიკულად დაღუპულის ოჯახს, დღეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიუსამძიმრეს.

დაღუპულ პილოტს შაბათს, მის მშობლიურ ქალაქში დაკრძალავენ. ავიაკატასტროფის საქმეზე კი გამოძიება 401-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები