იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის შეძენა არის ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ივანიშვილის ქველმოქმედებამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს უნიკალური ხელნაწერის შეძენისთვის და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემისთვის, რაც არის ძალიან დიდი შენაძენი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც 979 წლით თარიღდება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი.
ამ ქველმოქმედებას ბიძინა ივანიშვილი უკვე მრავალი წელია, ეწევა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ ქველმოქმედებამ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და, შესაბამისად, ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს. საუკუნეების მანძილზე ჩვენს ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.