მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2024 წლის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში, რომელიც წელიწადში ორჯერ - იანვარსა და ივნისში გამოდის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, იანვართან შედარებით, გაუმჯობესებულია.
კერძოდ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5,2%-ით, 2025 წელს კი 5%-ით გაიზრდება, რაც, შესაბამისად, 0,4%-ით და 0,5%-ით მაღალია, ვიდრე ეს მსოფლიო ბანკს წლის დასაწყისში ჰქონდა წარმოდგენილი.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა 2021-2026 წლების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაც წარმოადგინა. ბანკის შეფასებით და პროგნოზით, ირკვევა, რომ საქართველოს ეკონომიკა, ამ 6-წლიან პერიოდში, ჯამში, 53,1%-ით იზრდება, რითაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში ლიდერობს და ერთადერთია ქვეყანა, რომელიც განხილულ ექვსწლედში ერთნახევარჯერზე მეტად ზრდის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას.